დადგენილია ჭუბერში დამანგრეველი წყალდიდობის გამომწვევი მიზეზი

მდინარე ნენსკრას ადიდება ძლიერმა წვიმამ და მყინვარების დნობამ გამოიწვია
Sputnik

თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. ჭუბერში მომხდარი წყალდიდობა ძლიერი წვიმისა და მყინვარების დნობის შედეგად მეწყრებმა და ღვარცოფებმა გამოიწვია, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

ჭუბერისთვის სტიქიით მიყენებულმა ზარალმა შესაძლოა 5 მლნ ლარს გადააჭარბოს >>

ჭუბერის ხეობაში 5 ივლისს მოსული ძლიერი წვიმების შედეგად სოფელი ჭუბერი გზის მთავარ მაგისტრალს მოწყდა, ნაპირებიდან გადმოსულმა მდინარე ნენსკრამ ხიდები და რამდენიმე სახლი დაანგრია. წყალდიდობის შედეგების აღმოსაფხვრელად ჯარის ჩართვა გახდა საჭირო. წინასწარი შეფასებებით, წყალდიდობით გამოწვეულმა ზარალმა 5 მილიონ ლარს გადააჭარბა.

Наводнение в Сванетии - село Чубери

„დადგინდა, რომ ადგილი ჰქონდა მდ. ნენსკრას ხეობაში უხვი ატმოსფერული ნალექების მოსვლას, ასევე მაღალი ატმოსფერული ტემპერატურების ფონზე ნარჩენი თოვლისა და მყინვართა დნობის აქტიურ პროცესს“, — ნათქვამია განცხადებაში.

პრეზიდენტმა ჭუბერში სამხედრო ძალების გამოყენების ბრძანება გამოსცა

ძლიერი წვიმის შედეგად გააქტიურდა მეწყრული და ღვარცოფული პროცესები, განსაკუთრებით მდინარე ოკრილას ხეობაში, რომელიც ნენსკრას მარჯვენა შენაკადია.

მდინარე ოკრილას დინების ქვედა წელიდან მდ. ნენსკრას შესართავამდე ადგილი ჰქონდა ღვარცოფული ნაკადებით მყარი ნატანის და მოგლეჯილი ხე-მცენარეების შედეგად წყლის ნაკადების მოკლევადიან შეგუბებებს. როდესაც წყალმა შეგუბება გაარღვია, მდინარე ნენსკრამ ნაპირები ჩამორეცხა და დასახლებული ტერიტორიები დატბორა.

წყალდიდობის შედეგად დაინგრა ან დაზიანდა მდინარის ხეობაში არსებული სახლები და რამდენიმე ხიდი, დაზიანდა საავტომობილო გზების ცალკეული მონაკვეთები და ელექტროგადამცემი ხაზები.

სააგენტოს რეკომენდაციით, საჭიროა შეიქმნას ბუნებრივ საფრთხეებზე დაკვირვების მონიტორინგული ქსელი. ასევე საჭიროა ნაპირდაცვითი ღონისძიებების განხორციელება.