გახარიამ „თიბისი ბანკის“ წინააღმდეგ გამოძიების დაწყება უარყო

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა „თიბისი ბანკის“ წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას მოარული ხმები უწოდა
Sputnik

თბილისი,  13 ივლისი – Sputnik.  საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა  გიორგი გახარიამ უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია საქართველოში ყველაზე მსხვილი კომერციული „თიბისი ბანკის“ წინააღმდეგ  გამოძიების დაწყების შესახებ.

მედიის მტკიცებით, საგამოძიებო ორგანოები ბოლო 15 წლის განმავლობაში ბანკის საქმიანობის შესწავლას აპირებენ.

 „ეს მოარული ხმებია. „თიბისი ბანკის“ წინააღმდეგ არანაირი საგამოძიებო მოქმედებები არ მიმდინარეობს“, – განაცხადა გახარიამ პარლამენტში. 

ანაკლიის პორტის პროექტი შეიძლება გადაიხედოს

გახარია, ისევე როგორც მთავრობის დანარჩენი წევრები, დღესდღეობით მოვალეობის შემსრულებელია. შაბათს,  პარლამენტის დეპუტატებმა  მინისტრობის კანდიდატების მოსმენის შემდეგ უნდა გადაწყვიტონ, მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადონ თუ არა.

აღნიშნული პროცედურა აუცილებელი მას შემდეგ გახდა, რაც ძალაში შევიდა მინისტრთა კაბინეტის სტრუქტურული ცვლილებები, რომლის თანახმად მთავრობის წევრების რაოდენობა სამი მინისტრით შემცირდა. საქართველოს უკვე ათი მინისტრი და ერთი სახელმწიფო მინისტრი ეყოლება.

მამუკა ბახტაძის მიერ წარდგენილ მინისტრთა კაბინეტში სამი ახალი სახეა: ფინანსთა მინისტრობის კანდიდატი ივანე მაჭავარიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატი გიორგი ქობულია და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატი მიხეილ ბატიაშვილი.