გაიზრდება თუ არა ჯარიმები თბილისში ძაღლების პატრონებისთვის

თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელი ძაღლების პატრონებს ახსენებს, რომ ცხოველების სიყვარული საკმარისი არაა - მათ მიერ დაბინძურებული გარემო უნდა დასუფთავდეს.
Sputnik

თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. ძაღლების პატრონებისთვის, რომლებიც თბილისის ქუჩებს ძაღლების მიერ ფეკალიებით დაბინძურების შემდეგ არ ასუფთავებენ, შეიძლება ჯარიმა 20-დან 50 ლარამდე გაიზარდოს, განაცხადა ტელეკომპანია Imedi-ს ეთერში თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელმა ვახტანგ ლომჯარიამ.

მოწოდება მოსახლეობას: „არ დატოვოთ ცხოველები მანქანაში"

მეეზოვეები თბილისის დასუფთავებას დილაადრიან იწყებენ, მაგრამ დღის განმავლობაში ის კვლავ ნაგვიანდება, მათ შორის ძაღლების ფეკალიებით, რაც განსაკუთრებით თვალში საცემია ქალაქის ისტორიულ უბნებში. ეს როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ისე ტურისტების უკმაყოფილების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.

„ვგეგმავთ ჯარიმის ოდენობის ცვლილებაზე მუშაობას და შეთავაზებას შესაბამისი საკანონმდებლო ორგანოებისთვის. პირველ ჯერზე ჯარიმა 50 ლარი, ხოლო განმეორების შემთხვევაში 200 ლარიც შეიძლება იყოს. თუმცა, ჯარიმის ოდენობაზე მნიშვნელოვანი მისი აღსრულებაა. ამ კუთხით მუშაობა აუცილებელია. ცხოველის სიყვარული არ არის მისთვის თავზე ხელის გადასმა და კვება; მნიშვნელოვანია, რომ ბოლომდე, სრული ციკლით მოვუაროთ ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს და დავასუფთაოთ მის მიერ დაბინძურებული გარემო", — განაცხადა ლომჯარიამ.

მოქმედი კანონმდებლობით, ჯარიმა ძაღლების დაუდევარი მეპატრონეებისთვის ქუჩაში — 20 ლარიდან სკვერებსა და პარკებში — 50 ლარამდე მერყეობს.