თანამედროვე კინოსკანერით ქართული კინემატოგრაფიული შედევრების ციფრული ასლები შეიქმნება

თანამედროვე კინოსკანერის წყალობით საქართველოს ეროვნული არქივი ერთადერთ ეგზემპლარად არსებული ძველი ფილმების ციფრული ასლების შექმნას შეძლებს.
Sputnik

თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან არსებულმა ეროვნულმა არქივმა ქართული კინემატოგრაფიული მემკვიდრეობის შედევრების მაღალი ხარისხის ციფრული ასლების შესაქმნელად თანამედროვე კინოსკანერი შეიძინა, ნათქვამია არქივის Facebook-გვერდზე.

4K გარჩევადობის კინოსკანერი Blackmagic Cintel იდეალური გადაწყვეტილებაა კინოფირების ციფრულ ფორმატში გადატანისა და რესტავრაციისთვის. ეს სკანერი აღჭურვილია გამოსახულების ციფრული დამუშავების ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიით.

Киносканер Cintel Scanner 2, Blackmagicdesing в Национальном архиве Грузии

კინოსკანერი სპეციალურად მოწვეულმა კომპანია Blackmagicdesing-ის ლიცენზირებულმა ინჟინერმა ლოურენს მალარიმ დაამონტაჟა. მანვე ეროვნული არქივის თანამშრომლებს გააცნო შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა და სკანერთან მუშაობის სპეციფიკა.

ქართული საარქივო კინოფირები ახალ ცხოვრებას შეიძენს

„დღეს საქართველოს ეროვნულ არქივს უკვე აქვს აპარატურა, რომლის მეშვეობითაც დაიწყება კინოკოლექციების სკანირება და შეიქმნება კინოფილმების ხარისხიანი ციფრული ასლები", — ნათქვამია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული არქივის ფონდებში დაცულია დოკუმენტური ფილმები, რომელთა ასლები არ არსებობს. ამ ეტაპზე პრიორიტეტულია სწორედ ასეთი ფასეული კინოდოკუმენტების ციფრული ასლების შექმნა.

იშვიათი კინოფირების სკანირების პროცესის დასრულების შემდეგ არქივი მათ საზოგადოებისთვის ჩვენებას აპირებს. ჩვენება არქივის განახლებულ კინოდარბაზში იგეგმება.