სურს თუ არა პრეზიდენტობა ივანიშვილს – ვის ოცნებებს შეიწირავს ხელისუფალი

ქართველი პოლიტიკოსების საპრეზიდენტო ვნებანი...
Sputnik

უახლოეს ხანებში ქართული ოპოზიცია საპრეზიდენტო კანდიდატების დასახელებას გეგმავს. სააკაშვილთან ამსტერდამში შემდგარი შეხვედრის და დაანონსებული ოპოზიციური გაერთიანების ჩაშლის ფონზე „ნაციონალურ მოძრაობას“ ისევ გრიგოლ ვაშაძის პოპულარობის იმედი აქვს.

უფრო კონკურენტუნარიანი კანდიდატი ჰყავს ნაციონალების განაყოფ „ევროპულ საქართველოს“. ისინი დავით ბაქრაძის დასახელებას აპირებენ, რომელიც უკვე საკმაოდ აქტიურად მუშაობს რეგიონებში და ყველა გამოკითხვაში კარგი პიროვნული რეიტინგით გამოირჩევა.

პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს უკვე დასახელებული შალვა ნათელაშვილი, რომელსაც მცირე, მაგრამ მყარი ელექტორატი ჰყავს 4-5 პროცენტის ფარგლებში.

კვლავ დიდ გამოცანად რჩება, რას იზამს მოქმედი პრეზიდენტი მარგველაშვილი. მან პირნათლად შეასრულა სიტყვა და ნატოს სამიტამდე შიდა პოლიტიკურ ინტრიგებში არ ჩართულა.

უახლოეს დღეებში ნატოს სამიტიც დასრულდება და პუტინისა და ტრამპის შეხვედრაც.

დარჩება თუ არა ექს-პრემიერი პოლიტიკაში, ანუ შედგება თუ არა „გარიყულთა“ ტრიადა

სამშობლოში დაბრუნებულ მარგველაშვილს კონსულტაციებზე „შენების მოძრაობა“, დავით უსუფაშვილი და ის პოლიტიკოსები ელოდებიან, რომელთაც მის გარშემო სურთ გაერთიანება.

სავარაუდოდ, მარგველაშვილს დაუჭერენ მხარს ირაკლი ალასანიას მომხრეებიც, ასევე „ქართული ოცნების“ განაწყენებული აქტივის ნაწილი.

ამ გაერთიანებაში ვიხილავთ, როგორც ჩანს, საკმაოდ რეიტინგულ ალეკო ელისაშვილსაც, რომელმაც უკვე განაცხადა, რომ თავად არ აპირებს საპრეზიდენტო კამპანიაში ჩართვას და გვერდში დაუდგება ყველაზე რეალურ პროდასავლურ ძალას.

სავარაუდოდ, დამოუკიდებლად ცდის ბედს ნინო ბურჯანაძე, რომლის საარჩევნო კამპანიის მთავარი ნარატივი ისევ რუსეთთან ურთიერთობის დალაგება იქნება.

არჩევნების მთავარ ინტრიგად ისევ რჩება სახელისუფლებო კანდიდატის ვინაობა.

ექსპერტები ბევრს დავობენ იმაზე, მოინდომებს თუ არა ბიძინა ივანიშვილი კენჭისყრას.

ვის თამაშს ითამაშებს მამუკა ბახტაძე: ახალი პრემიერის ახლო და გრძელვადიანი გეგმები

დიდი ალბათობით – არა, რადგან საჯარო პოლიტიკა სწორედ ის სფეროა, რომელიც მას დიდად არ მოსწონს, არც ვიზიტების მოყვარულია და არც მისი პირადი საკითხების გარჩევა სიამოვნებს, რაც პრეზიდენტისთვის ნებისმიერ ქვეყანაში გარდაუვალია, საქართველოში კი — აღმატებულად.

თუმცა გარკვეული შანსი და ალბათობა, სანამ მმართველი გუნდი კანდიდატს დაასახელებს, ბუნებრივია, რჩება.

ყველაზე რეალური მაინც ევროსასამართლოში საქართველოს წარმომადგენლის ლადო ჭანტურიას კანდიდატურაა.

როგორც ამბობენ, მასთან ძალიან აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები და, სავარაუდოდ, მალე დასრულდება.

ძნელი სათქმელია, რამდენად ამჯობინებს უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე 10-წლიან ევროპულ კარიერას საქართველოს პრეზიდენტის პოსტს, რაც საკმაოდ უმადური საქმეა.

სათადარიგო ვარიანტებად განიხილავენ მინისტრ მაია ცქიტიშვილსა და სოზარ სუბარს.

რატომ უჩვენა ბიძინა ივანიშვილმა ყვითელი ბარათი მთავრობას?

ცქიტიშვილი ქალი–პრეზიდენტის პრეცედენტს შექმნის, განსხვავებულ ხასიათს არ გამოავლენს. რაც შეეხება სოზარ სუბარს, როგორც ამბობენ, მასზე სვანეთში სპეციალური გადამღები ჯგუფი მუშაობს და კადრები, შესაძლოა, საპრეზიდენტო არჩევნებისთვის გამოიყენონ.

არ გამორიცხავენ სუბარის სამეგრელო–ზემო სვანეთის გუბერნატორობასაც, რადგან მთავრობის შემდეგ რეგიონებში რწმუნებულების შეცვლაა დაგეგმილი.

საპრეზიდენტო პოსტზე საკუთარი კანდიდატურა ჰყავს კახი კალაძესაც არჩილ თალაკვაძის სახით, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ამ დაჯგუფებას, რომელიც საკმაოდ მომძლავრდა, ასეთი ბერკეტი ჩაუგდოს ხელში.

ხელისუფლება საარჩევნო კამპანიის დაწყებას არ ჩქარობს, რადგან კამპანია ფულის ხარჯვას ნიშნავს. ოპოზიციას კი ნამდვილად მეტი აქვს სამუშაო. კანდიდატების მრავალფეროვნების გამო შეიძლება ხმები დაიქსაქსოს, მაგრამ არსებული ვითარების პირობებში მეორე ტურის ალბათობა დაბალია არა საზოგადოების განწყობების, არამედ ხმების დათვლის თავისებურებების გამო.

ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ დალაგდება საგარეო ფაქტორები და შეძლებს თუ არა რომელიმე ოპოზიციური კანდიდატი დასავლეთის დარწმუნებას მეტი აქტიურობის აუცილებლობაში. დღევანდელი გადასახედიდან ამის ყველაზე დიდი შანსი მარგველაშვილსა და ბაქრაძეს აქვთ. ყველა შემთხვევაში წინ საინტერესო შემოდგომა გველის. მოსახლეობა კი კიდევ ერთხელ მოისმენს ათას ერთი ღამის ზღაპრებს, რომელთა 90 პროცენტი პოლიტიკოსებს არჩევნების შემდეგ, უბრალოდ, ავიწყდებათ.

 

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას!