ქართული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელებებს „ხაშმის საფერავი" დაემატა

ისტორიული წყაროების თანახმად, ხაშმის ტერიტორიაზე ვენახის გაშენება თამარ მეფის სახელს უკავშირდება.
Sputnik

თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. ამ დრომდე საქართველოში დარეგისტრირებული ქართული ღვინის 18 ადგილწარმოშობის დასახელებას კიდევ ერთი — „ხაშმის საფერავი" დაემატა, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ეს გადაწყვეტილება ქართული ღვინის მრავალფეროვნებასა და ჯიშურ სიმდიდრეზე მიუთითებს, რაც ღვინის პოპულარიზაციისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდის კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, აღნიშნავს სააგენტო.

„ხაშმის საფერავის“ დამატება დაცული ადგილწარმოშობის დასახელებების რეესტრში უზრუნველყოფს აღნიშნული დასახელების დაცვას საერთაშორისო მასშტაბით ყველა იმ ხელშეკრულებისა და კონვენციის საფუძველზე, რომელსაც საქართველო არის მიერთებული, ან ხელი აქვს მოწერილი.

წელს საქართველომ ექსპორტზე 31,5 მლნ ბოთლი ღვინო გაიტანა

„ამ დრომდე საქართველოში დარეგისტრირებული იყო ქართული ღვინის 18 ადგილწარმოშობის დასახელება: ხვანჭკარა, მუკუზანი, წინანდალი, ახაშენი, გურჯაანი, ქინძმარაული, მანავი, კახეთი, ნაფარეული, თელიანი, ატენი, სვირი, ვაზისუბანი, კარდენახი, ტიბაანი, ტვიში, ყვარელი და კოტეხი", — ნათქვამია განცახდებაში.

სააგენტოს ინფორმაციით, „ხაშმის საფერავის" დარეგისტრირების მოთხოვნით ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს — „საქპატენტს" განაცხადით გასულ წელს მიმართეს.

"ხაშმის საფერავი" (Saperavi Khashmi) — არის წითელი მშრალი ღვინო საგარეჯოს რაიონის სოფელ ხაშმის მიკროზონიდან. ისტორიული წყაროების თანახმად, ხაშმის ტერიტორიაზე ვენახის გაშენება თამარ მეფის სახელს უკავშირდება, რომლის ბრძანებით გაუშენებიათ აქ ვენახი დავითგარეჯელ ბერებს. ადგილობრივ მოსახლეობას საკმაოდ სწრაფად აუთვისებია ვენახის მოვლისა და ღვინის დაყენების წესები და საკმაოდ მაღალი ხარისხის ღვინოც უწარმოებიათ საფერავის ჯიშის ყურძნიდან.

ღვინის ეროვნული სააგენტო დაცული ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების რეგულაციების რეფორმის ფარგლებში „საქპატენტთან“ ერთად მუშაობას განაგრძობს ადგილწარმოშობის დასახელებების ნუსხაში ახალი ღვინოების დამატების მიმართულებით.