„შოკში ვართ" – აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი სმიტების ოჯახის მკვლელობის შესახებ

ამერიკის საელჩო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სმიტების ოჯახის მკვლელობის საქმის გახსნისთვის მადლობას უხდის.
Sputnik

თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეტ რუდმა დუშეთის რაიონის ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის მკვლელობის ფაქტზე კომენტარი გააკეთა და ქართულ პოლიციას საქმის გახსნისთვის მადლობა გადაუხადა.

ორმაგი მოქალაქეობის (აშშ-სა და საქართველოს) მქონე რაიან და ლორა სმიტების გარდაცვალებისა და მათი ოთხი წლის ბავშვის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია 7 ივლისს გავრცელდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ დანაშაული 6 ივლისს მოხდა. მამა-შვილი მოკლეს, დედა კი გაქცევისას ხევში ჩავარდა და დაიღუპა.

„საიდან ამდენი სისასტიკე?!“: ამერიკელების მკვლელობით აღშფოთებული ფეისბუქ–მომხმარებელი>>>

Гражданская панихида у посольства США

ორშაბათს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 19 წლის მწემსის მალხაზ კობაურის დაკავების შესახებ განაცხადა, რომელსაც მკვლელობაში ედება ბრალი.

„ჩვენ შოკში ვართ ხადას ხეობაში მომხდარი მკვლელობის გამო. ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ ყველა იმ ქართველისა და ამერიკელისადმი, რომლებიც დაღუპულების მეგობრები იყვნენ. სმიტების ოჯახს, რომელიც მარნეულში ცხოვრობდა, ეკონომიკურ განვითარებაში საკუთარი წვლილი შეჰქონდა. ჩვენ ქართველ სამართალდამცველებთან ერთად ვმუშაობთ… მსურს მადლობა გადავუხადო ქართულ სამართალდამცველ უწყებებს, რომლებმაც საქმე გამოიძიეს", — ციტირებს რუდის სიტყვებს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ორშაბათს, საღამოს თბილისში, აშშ-ის საელჩოს შენობასთან სმიტების ოჯახის სოლიდარობის აქცია გაიმართა. თბილისელები და დედაქალაქის სტუმრები შენობის წინ სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე მიდიოდნენ, მიჰქონდათ ყვავილები, სანთლებს ანთებდნენ და სამძიმრის ბარათებს ტოვებდნენ.

Гражданская панихида у посольства США

აქციაზე 2017 წლის 1 დეკემბერს მოკლული 16 წლის მოზარდის დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძეც იმყოფებოდა.

ამასთან, საელჩოში ჯერჯერობით არ იციან, როდის და სად დაკრძალავენ ოჯახს. დიპლომატიურ უწყებაში დაღუპულთა ნათესავებისა და ახლობლების ჩამოსვლას ელოდებიან, რომლებმაც უნდა მიიღონ გადაწყვეტილება.

Гражданская панихида у посольства США

ლორა და რაიან სმიტები აშშ-დან საქართველოში ექვსი წლის წინ ჩამოვიდნენ. ისინი მარნეულში ცხოვრობდნენ. 2012 წელს მათ საქართველოს მოქალაქეობა მიიღეს. დუშეთში ოჯახი დასასვენებლად და ადგილობრივი ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად წავიდა.