რა ფილმებით წარდგება სარაევოს კინოფესტივალზე ქართული კინო

სარაევოში წინა წელს გამართული ფესტივალის გრან-პრის მფლობელი ანა ურუშაძის „საშიში დედა" გახდა.
Sputnik

თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. საქართველოს თანამედროვე კინემატოგრაფია სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალზე, რომელიც 10-17 აგვისტოს გაიმართება, წელსაც მასშტაბურად იქნება წარმოდგენილი, ნათქვამია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ქართული ფილმი „საშიში დედა“ – სამი საერთაშორისო ფესტივალი და სამი გამარჯვება

მთავარ საკონკურსო პროგრამაში რეჟისორ თინათინ ყაჯრიშვილის „ჰორიზონტი" მონაწილეობს. ფილმის მსოფლიო პრემიერა „ბერლინალე 2018"-ზე შედგა.

დოკუმენტური კინოს სექციაში წარმოდგენილია მარიამ გულბიანის ფილმი "სანამ მამა დაბრუნდება", რომელიც პანკისის ხეობაშია გადაღებული. სტუდენტური ფილმების კონკურსში კი ბაქარ ჩერქეზიშვილის „აპოლო — ჯავახეთი".

გარდა ამისა, საქართველოს წარმომადგენელი მონაწილეობას მიიღებს ახალგაზრდა ტალანტების პროგრამაში Talents Sarajevo და ეს პროდიუსერი ანი კაშია იქნება.

ხაჭვანის „დედე" ევრაზიის კინოფესტივალის მთავარ კონკურსში მოხვდა>>>

„აღსანიშნავია, რომ სარაევოს შარშანდელი კინოფესტივალი ქართველი კინემატოგრაფისტებისთვის წარმატებული აღმოჩნდა. ფესტივალის გრან–პრი ანა ურუშაძეს ხვდა წილად ფილმისთვის „საშიში დედა", რატი ონელის „მზის ქალაქი" კი სარაევოში საუკეთესო დოკუმენტურ ფილმად აღიარეს. წელს კინოფესტივალის მხატვრული ფილმების კონკურსის ჟიურის წევრი სწორედ ანა ურუშაძე იქნება", — ნათქვამია განცხადებაში.

სარაევოს კინოფესტივალი პირველად 1995 წელს გაიმართა. კინოფესტივალი სამოქალაქო საზოგადოების აღდგენაში დახმარებისა და ქალაქის კოსმოპოლიტური სულის შენარჩუნების მიზნით დაარსდა.

ამჟამად სარაევოს კინოფესტივალი რეგიონში წამყვანი ფესტივალია, რომელსაც აღიარებენ როგორც კინოს სპეციალისტები, ისე ფართო აუდიტორია. კინოფესტივალის მთავარი პრემია — "სარაევოს გული" გაიცემა საუკეთესო ფილმისთვის.