უჩვეულო დიზაინერი, ანუ ოცნებაზე შეზღუდვა არ არსებობს

ორი წლის წინ მოვამზადეთ მასალა ერთ ნიჭიერ მხატვარსა და პოეტზე, რომელიც ტანისამოსის ესკიზებსაც ქმნის. ამაში თითქოს უჩვეულო არაფერია, მაგრამ როდესაც გავიგეთ, რომ ყოველივე ამის შემქმნელი პიროვნება ინვალიდის სავარძელსაა მიჯაჭვული და ხელებს ჩვეულებრივად ვერ ხმარობს, ამბავი ათმაგად დასაფასებელი და საყურადღებო გახდა...
Sputnik

მაშინ ქალბატონი მარინა ქაციბაია ოცნებობდა, რომ მოდელებზე მორგებული მისი ტანისამოსის ესკიზები პოდიუმზე ეხილა. ეს ოცნება მას ახლახან აუსრულდა. აქვე შეგახსენებთ, რომ ქალბატონმა მარინამ 200-მდე ესკიზი დაახლოებით 15 წლის წინ შექმნა და ისინი მოსკოვში, ცნობილმა სლავა ზაიცევმა იხილა. უფრო მეტიც, რამდენიმე მათგანი მაშინ კატალოგშიც შეიტანა.

მარინა ქაციბაია კოლეგებთან ერთად

 

მარინა ქაციბაიას მიერ შექმნილი სამოსის ჩვენება გაიმართა თბილისში, სასტუმრო „იოტაში“, რომელსაც მასმედიისა და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ. ამ ჩვენებით კიდევ ერთხელ დადასტურდა ის ფაქტი, რომ ძლიერი სულის ადამიანისთვის ოცნებაზე შეზღუდვა არ არსებობს და როცა ძალიან გინდა, ყველაფერი გამოგივა. გადავწყვიტეთ ჩვენების ამბები უშუალოდ ქალბატონ მარინასგან გაგვეგო.

– ქალბატონო მარინა, თქვენ ძირითადად ეროვნული და კლასიკური ხასიათის სტილი გიზიდავთ და ესკიზებშიც ცდილობთ, რომ აქცენტირება ამაზე გააკეთოთ.

— ქართული ეროვნული სამოსი იმდენად მდიდარი და მრავალფეროვანია, იმდენად ღრმად აქვს ჩვენ ისტორიულ და კულტურულ წარსულში ფესვები გადგმული, რომ, ალბათ, ჩვენი მხრივ თანამედროვე სამოსის დიზაინში ამის არგათვალისწინება და იგნორირება, მსუბუქად რომ ვთქვათ, დაუდევრობა იქნებოდა. სწორედ ამიტომ ჩემ პირველ ჩვენებაში შევეცადე ჩვენი ეროვნული სამოსის ახალი, გათანამედროვებული ხედვა, მისი განუმეორებელი კოლორიტი და მდიდარი მრავალფეროვნება გადმომეცა. თუ როგორ გავართვი ამას თავი, ეს უკვე ჩემი განსასჯელი არ არის. მცდელობა და სურვილი ძალიან დიდი იყო… ერთ რამეში სრულიად დარწმუნებული ვარ, რაც უნდა მოხდეს და როგორც არ უნდა შეიცვალოს ჩემი დამოკიდებულება ტანსაცმლის თანამედროვე დიზაინის მიმართ, ქართული ეროვნული სამოსი, ჩვენი ერის ეს მართლაც ფასდაუდებელი საგანძური ჩემი ინსპირაციის ძირითად წყაროდ ყოველთვის დარჩება.

მარინა ქაციბაიას სამოსის ჩვენება

– სად შეიკერა ეს სამოსი და ვინ წარმოადგინა ის?

— სამოსი შეიკერა და წარმოდგენილი იქნა სადიზაინერო სასწავლო ცენტრის Fashion house-ის მიერ, რომლის ხელმძღვანელი ქალბატონი ია ჩაკვეტაძეა. სამოსი წარმოადგინეს კურსდამთავრებულმა მოსწავლეებმა და დამწყებმა დიზაინერებმა ნანა უბილავამ, ნაზი გაბრიაძემ, თეონა ელიკაშვილმა, დარეჯან ღვინიაშვილმა და როზმარი ყაჯრიშვილმა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენების ორგანიზატორი და სულისჩამდგმელი გახლდათ დიდებულ ქართველი და ჭეშმარიტი მამულიშვილი, „წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა-პოეზიის ეროვნული პრემია „ივერიის“ პროექტის დამაარსებელი, ბატონი ნუგზარ ჭიაბერაშვილი, რომლის უდიდესი მონდომებითა და ძალისხმევით ხორციელდება ზემოხსენებული პროექტები და ამ პროექტებში შშმ პირთა ჩართულობა და საზოგადოებაში ინტეგრირება. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და უღრმესი მადლობა გადავუხადო ბატონ ნუგზარს, ქალბატონ იასა და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ კეთილშობილურ საქმეში სულ პატარა წვლილი მაინც შეიტანა.

მარინა ქაციბაიას სამოსის ჩვენება

– ჩვენებაზე შშმ პირებისთვის თუ იყო რაიმე სამოსი წარმოდგენილი?

— არა, დროის შეზღუდულობის გამო ამ ეტაპისთვის არ იყო დაგეგმილი შშმ პირთათვის რაიმე სპეციფიკური სამოსის დამზადება და საზოგადოების წინაშე წარდგენა, თუმცა სიამოვნებით მინდა ავღნიშნო, რომ პოდიუმზე რამდენიმე შშმ პირმა ჩემი ესკიზების მიხედვით შექმნილი სამოსი საოცარი პროფესიონალიზმით წარადგინა. ჩვენებას დაესწრნენ და პოდიუმზე ჩემი სამოსელი წარადგინეს ჩვენი საზოგადოების ცნობილმა სახეებმა და დიდებულმა ქალბატონებმა ბელა ალანიამ, ეკატერინე გაბედავამ,  ლია ქიმერიძემ, ნათია ბაქრაძემ, ნატალი გორგიშელმა, ნეკა დარბაიძემ და სხვებმა, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი მათ. მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში იგეგმება ჩემი მოდების უფრო ფართო ჩვენება, სადაც ახალ კოლექციასთან ერთად წარმოდგენილი იქნება პირველ ჩვენებაზე გატანილი სამოსიც. როგორც მითხრეს, ოქტომბრის ჩვენებას უცხოელებიც დაესწრებიან.

მარინა ქაციბაიას სამოსის ჩვენება

– ვინ არის თქვენი საყვარელი დიზაინერი და რატომ?

— როგორ გითხრათ, ბევრი საინტერესო დიზაინერი შემიძლია დავასახელო, მაგრამ ჩემთვის ყველაზე საყვარელ დიზაინერად მაინც კოკო შანელი რჩება. მისი დახვეწილი, ქალური და ელეგანტური სტილი უფრო ახლოა ჩემთან. ასევე მომწონს გუჩის და ჯორჯო არმანის ბოლოდროინდელი კოლექციები. სიამოვნებით მინდა აღვნიშნო, რომ ძალზე მახარებს ბოლო ხანებში ახალგაზრდა ქართველი დიზაინერების წარმატებები საერთაშორისო ასპარეზზე, რაც თავისთავად იძლევა იმის იმედს, რომ ქართული სამოსი სულ მალე დაიკავებს თავის კუთვნილ, ღირსეულ ადგილს მსოფლიოში ცნობილ ბრენდებს შორის.