ორმეტრიან ქვაზე ღამისთევა, დათვთან შეხვედრა და შეყვარებული მოლაშქრეები

ჯერ მხოლოდ 22 წლისაა და თითქმის მთელი საქართველო აქვს მოვლილი. ლაშქრობებში თითქმის ყოველ შაბათ-კვირას, წელიწადის ოთხივე დროს დადის.
Sputnik

ნიკა მექერიშვილს კარგად იცნობენ უშუს, ფრენბურთის, ხელბურთის, ფარიკაობის ფედერაციებში, სადაც რუსულ და ინგლისურ ენებზე თარჯიმნობას ეწევა. საქმიანობისგან თავისუფალ დროს მოგზაურობას უთმობს.  ხშირ შემთხვევაში მარტო დადის და საამისოდ მიზეზიც აქვს… თუმცა, ბოლოს დროს მარტო ლაშქრობას შეელია შეყვარებულის გამო, რომელიც გერმანელია და აქ ხშირად ჩამოდის…

ნიკა მექერიშვილი

-ნიკა, გამარჯობა, ამწუთას სად ხარ?

— ამ წუთას შეყვარებულთან ერთად იმერეთში ვართ, ხარაგაულის სოფელ ვარძიაში, რომელიც დეიდაჩემის სოფელია. ძალიან მარტივი ლაშქრობაა, რაც ყველას შეუძლია მოაწყოს ზაფხულის ცხელ დღეებში. თუმცა მთლად ლაშქრობასაც ვერ დავარქმევ, აქ გადმოსვლა გაგრილების გამო გვინდოდა. უბრალოდ, ვისვენებთ.

ნიკა მექერიშვილი

- ამჯერად შეყვარებულთან ერთად ხარ, მაგრამ ვიცი, რომ ძირითადად მარტოს გიყვარს ლაშქრობა, რატომ?

— დიახ, ექსტრემალურ მარშრუტს ყოველთვის მარტო გავდივარ, ხალხთან ურთიერთობა არ მიყვარს. სულ სხვანაირი შეგძნება და ემოციაა, როცა მარტო ხარ — ასეთ დროს მხოლოდ საკუთარ თავზე ხარ დამოკიდებული, მარშრუტს და გზასაც უფრო თავისუფლად  გადიხარ, რასაც გინდა იმას აკეთებ. როცა ჯგუფთან ერთად ვარ, წინასწარ გვაქვს გეგმა შედგენილი და ამ დროს არ შეიძლება, რომ მას გადავუხვიო, წინასწარ ვიცით სად და რამდენი ხანი უნდა გავჩერდეთ. რუკაზე საბანაკო ადგილიც გვაქვს მონიშნული. თუმცა რაც ჩემს ცხოვრებაში ეს ადამიანი გაჩნდა ლაშქრობაში წასვლას მასთან ერთად ვამჯობინე. ის პირველია, ვისთან ერთადაც უკვე ამდენი ხანი დავდივარ.

ერთ ერთი ლაშქრობის დროს

-მაგრამ ალბათ გამონაკლისი შორი მარშრუტებია?..

— დიახ, შორი მარშრუტებზე აუცილებლად უნდა გახლდეს ისეთი, ვინც გზა კარგად იცის, ასევე ჯგუფში მეკლდეურიც უნდა იყოს, ვინც კლდეზე ცოცვა იცის. ასეთი შორი გასვლების დროს ყოველთვის გვაქვს სხვადასხვა დამხმარე საშუალებები: ჯიპიესი და რუკა, რომელსაც ბოლო წუთამდე ყველაზე მშრალ ადგილას ვინახავთ. შორი ლაშქრობის დროს ისიც უნდა გაითვალისწინო, რომ ზოგჯერ საზღვართან ახლოს მოგიწევს გავლა და ამიტომ პასპორტიც უნდა იქონიო.

-ვიცი, რომ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ლაშქრობებში ინტენსიურად დადიხარ?

— ინტენსიურად კი არა, წელიწადის ოთხივე დროს თითქმის ყოველ შაბათ-კვირას დავდივარ. არის სპეციალური სეზონური მარშრუტები, მაგრამ აგრეთვე გვხვდება ისეთები, სადაც ზაფხულშიც თოვლია და ეს უნდა გაითვალისწინოთ. მაგალითად, ყელიწადზე ზაფხულშიც თოვლი დევს და 30 კილომეტრიანი მარშრუტი თოვლში მარტომ უნდა გაიარო, რადგან იქ ირგვლივ არავინაა. თუმცა ზაფხულში ზოგჯერ მაინც შეიძლება, რომ მამაოები შეგხვდნენ. ზამთარში კი ყელიწადზე გადასვლა რათქმაუნდა დიდ სიძნელეებთანაა დაკავშირებული.

ფასანაურის საჯომარდოში

 

- შეყვარებულთან ერთად რაიმე განსაკუთრებულ ლაშქრობას ხომ ვერ გაიხსენებთ?

— ჩემი შეყვარებული გოგო გერმანიიდანაა, ის თბილისში გავიცანი. პირველად რომ წავიყვანე ლაშქრობაში ძალიან მოეწონა და ამის მერე ერთად ბევრი ადგილი შემოვიარეთ, დღეს ლაშქრობის გარეშე მასაც აღარ შეუძლია… ასეთი ამბავი მახსენდება: ერთხელ სადღაც გადაკარგულში აღმოვჩნდით. უკაცრიელ ადგილი იყო და ერთადერთი, სადაც დაბანაკება შევძელით ორმეტრიანი ქვა იყო. ქვა ყველა მხრიდან შევამოწმე და თოკებით დავამაგრე, ღამეც მასზე გავათენეთ. გაგვიმართლა და იქ მაგარი ფოტო გადავიღეთ. მომავალში აქ თუ დასახლდება არ ვიცი, მაგრამ ამ ლაშქრობებში ძალიან შეუყვარდა საქართველო. ჩვენ ავტოსტოპითაც წავსულვართ ლაშქრობაში, რომლის დროსაც ბევრი ტრასნსპორტი გამოგვიცვლია.

ნიკა მექერიშვილი

- წარმომიდგენია, როგორი სახიფათო თავგადასავლები იქნება ცხოვრებაში…

— ერთხელ თრუსოს ხეობას გავდიოდით და იქ ნაშალი კლდეა — ძალიან რთული უბანი.. მეგობრებთან ერთად ვიყავი და მყინარულ ზონამდე ტყეში უნდა გავჩერებულიყავით. აი, მაშინ ცხოვრებაში პირველად ჩემგან 30 მეტრში ვნახე დათვი, რომელიც ჩემს პირდაპირ გაჩერდა და მიყურებდა. ვიცოდი, რომ ასეთ დროს მკვეთრი მოძრაობა არ უნდა გააკეთო და არ უნდა გაიქცე. ამიტომ ფრთხილად გადავდგი უკან ნაბიჯი და ამ დროს ჩემდა გასაოცრად, დათვი ეგრევე მოსწყდა ადგილს და გაიქცა. არ ვიცი, რატომ, ალბათ, მასაც შეეშინდა…  ჯერ კიდევ არის დარჩენილი ადგილები, სადაც არ ვყოფილვარ. სულ მიკვირს იმ ხალხის ვინც არ მოგზაურობს და ლაშქრობებში არ დადის. ასეთ დროს ხომ საკუთარ ქვეყანას და საკუთარ თავსაც უფრო კარგად ეცნობი, თან ეს ისეთი ადრენალინია…