თბილისი, 8 ივლისი — Sputnik. თბილიის მერიას მტკვრის მარცხენა სანაპიროზე არსებული სამშენებლო მასალებისა და ავტომობილების ნაწილების ბაზრობის სარეკრეაციო ზონად გადაქცევა სურს, რაც არ მოსწონთ ბაზრობის მეპატრონეებს.
ელიავას ბაზრობის გადატანა ქალაქის გარეუბანში რომ იგეგმებოდა, ამი შესახებ საუბარი ჯერი კიდევ 2005 წელს დაიწყო, ძველი ხელისუფლების დროს, მაგრამ მაშინ ჩანაფიქრი არ განხორციელდა. თემა განსჯის საგანი ბოლო პერიოდში არაერთხელ გამხდარა, ბაზრის მეპატრონეები კი ყოველ ჯერზე ინიციატივის წინააღმდეგ გამოდიოდნენ. რა მოხდა ამჯერად, უცნობია, თუმცა, ფაქტია, რომ თბილისის მერიამ ქალაქის გენგეგმა მოიწონა, რომელიც ამ ტერიტორიაზე დიდი პარკის გაშენებას ითვალისწინებს.
გენგეგმა: ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონა უნდა მოეწყოს>>>
ელიავას ბაზრობის მეპატრონეების მტკიცებით, მათ მერიას პროექტით არაერთხელ მიმართეს, რომელიც აღმიშნული ტერიტორიის კეთილმოწყობას ითვალისწინებდა – თანამედროვე შენობა, ტერიტორიის გამწვანება და პარკინგი, მაგრამ ყოველ ჯერზე უარს იღებდნენ პასუხად.
ამ ეტაპზე წინააღმდეგი არამარტო ტერიტორიის მფლობელები არიან. პირად საუბრებში მოვაჭრეები აცხადებენ, რომ ისინი გაჭირვებით იხდიან სავაჭრო ფართის ქირას, ბაზრობასთან თანამედროვე შენობის მშენებლობის შემთხვევაში კი მათი შემოსავალი შენობაში აღებული ფართის ქირის დაფარვას ვერ შეძლებს და უმუშევარი დარჩებიან.
თბილისის მიწათსარგებლობის გენგეგმა უკვე გამოქვეყნებულია, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მას გაეცნოს მერიის არქიტექტურის სამსახურის ვებ–გვერდზე.
ელიავას ბაზრობა, 1995 წლის მონაცემებით, 13,2 ჰექტარ ტერიტორიაზეა განთავსებული. აღნიშნულ ტერიტორიაზე დასაქმებულია 15 ათასი ადამიანი — როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნების მოქალაქეები.
„ელიავას ბაზრობა და მიმდებარე ტერიტორიები საფრთხეს უქმნის მოსახლეობის ჯანმრთელობას და იწვევს იქ არსებული საცხოვრებელი და ბუნებრივი გარემოს დეგრადირებას“, – ნათქვამია პროექტში.
გენგეგმის მიხედვით, ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონის მოსაწყობად დაუყოვნებლივ უნდა შემუშავდეს საპროექტო მასალა, რადგანაც მაღალია ტერიტორიის დაბინძურებასთან დაკავშირებული საფრთხეები და ასევე არსებობს მაღალი სამშენებლო ინტერესი.
თბილისის მერმა კახა კალაძემ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ბაზრობის პარკად გარდაქმნას დიდი დრო დასჭირდება.
„ელიავას ბაზრობა – ჩვენი ხელისუფლების პირობებშიც კერძო საკუთრებაა და არავინ კანონდარღვევით ამ ტერიტორიას ხელს არ მოკიდებს. ჩვენ შევხვდებით ბაზრობის მეპატრონეებს… ჩვენ მზად ვართ ახალი ტერიტორია გამოვყოთ, რომელიც ყოველმხრივ კეთილმოწყობილი იქნება. რაც დღეს არის, იმ საშინებების ნაცვლად უნდა აშენდეს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მრავალფუნქციური ცენტრი“, – განაცხადა კალაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე.
ამასთან მან აღნიშნა, რომ „გენერალური გეგმა ეს კონკრეტიკა კი არა, საერთო დოკუმენტია“.
ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე ადრე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ გრუნტი გამწვანებისთვის არ გამოდგება. ლაბორატორია „მულტიტესტის“ სპეციალისტების კვლევამ აჩვენა, რომ ელიავას ბაზრობის ტერიტორია დაფარულია სამშენებლო ნაგვით, ქვებითა და ღორღით. ტერიტორია იმდენად დაბინძურებულია, რომ ექსპერტებს საკმაო ძალისხმევა დასჭირდათ იმისთვის, რათა სინჯები აეღოთ.
თბილისის მიწათსარგებლობის გენგეგმა, რომელიც კომპანია City Institute Georgia-მ შეიმუშავა, საკრებულომ უნდა დაამტკიცოს.