ცოლ–ქმრის საზარელი სიკვდილი და დაკარგული ბავშვი – რა მოხდა საქართველოში

პოლიციამ ტურისტების ცხედრები სოფელ ცკერეს ჩანჩქერთან იპოვა
Sputnik

თბილისი, 8 ივლისი — Sputnik.  ცოლ–ქმარი დაიღუპა, მათი ოთხი წლის შვილი კი ხადას ხეობაში დაიკარგა, ნათქვამია შსს–ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ოჯახის ძებნის ოპერაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც პარასკევს „112“–ში შეტყობინება შევიდა, რომ მათთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა. მეუღლეებს ორმაგი მოქალაქეობა ჰქონდათ – საქართველოს და ამერიკის. 

ბელორუსი ტურისტები: გადარჩენას მძღოლს უნდა ვუმადლოდეთ

იმავე დღეს  სამართალდამცველებმა სოფელ წკერეში დაკარგული ტურისტების კუთვნილი ავტომანქანა და პირადი ნივთები აღმოაჩინეს, აღნიშნული ადგილიდან სამ კილომეტრში კი ერთ–ერთი დაღუპულის ცხედარი.

მიუხედავად კიდევ ორი დაკარგულის შესახებ ინფორმაციისა, რთული რელიეფისა და ცუდი ხილვადობის გამო სამძებრო ღონისძიებები პარასკევს შეწყდა.

მეორე ტურისტიც გარდაცვლილი იპოვეს შაბათს, როცა სამძებრო სამუშაოები განახლდა. ცხედარი ხევში მდებარე ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოაჩინეს.

ბავშვის სამძებრო ღონისძიება კვირას განახლდება.

სამძებრო ოპერაციაში 25 მაშველი მონაწილეობს.

პირველადი დათვალიერებით, არც ერთ გარდაცვლილს ძალადობის ნიშნები არ აღენიშნება. ამასთან, სისხლის სამართლის საქმე  „გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის“ მუხლით აღიძრა, რაც სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს–ს მონაცემებით, ტურისტები რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოში ცხოვრობდნენ. აშშ–ის მოქალაქეებმა ამ პერიოდში საქართველოს მოქალაქეობა მიიღეს.