ზღვის სანაპიროს შტორმი უახლოვდება

მაშველები კურორტებზე დამსვენებლებს უსაფრთხოების წესების დაცვას სთხოვენ.
Sputnik

თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შავ ზღვაზე დამსვენებლებს ზღვაში ცურვას უკრძალავს, ნათქვამია უწყების განცხადებაში.

შავ ზღვაზე შტორმს ელოდებიან

დღეს ზღვაზე მოსალოდნელია ოთხბალიანი შტორმი. ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი, რაც შტორმის მოახლოებაზე მიუთითებს. უწყების თანამშრომლები დამსვენებლებს სთხოვენ, ყურადღება მიაქციან ამკრძალავ ნიშნებს — სანამ კოშკურებზე წითელ ალმებს თეთრი ალმები არ შეცვლის, მანამდე ზღვაში ცურვა აკრძალული იქნება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური კურორტებზე დამსვენებლებს სთხოვს, დაიცვან წყალში უსაფრთხოების წესები.

ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარე წლის 1 მაისიდან წყალში უკვე 26 ადამიანი, მათ შორის შვიდი არასრულწლოვანი დაიხრჩო.