თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. 2018 წლის ივნისში თბილისში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, მოსახლეობის 58% მიიჩნევს, რომ ქალისთვის ოჯახის შესაქმნელად ყველაზე სასურველი ასაკი 25 წლიდან 30 წლამდეა, ნათქვამია ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფის „ეისითის“ მიერ ჩატარებული კვლევების შედეგებში.
მამაკაცის დაოჯახების ყველაზე ოპტიმალურ პერიოდად იმავე 25-დან 30 წელს ასახელებს რესპონდენტების 70%.
ამავე დროს გამოკითხულთა მესამედზე მეტი მიიჩნევს, რომ ქალმა უფრო ადრე უნდა შექმნას ოჯახი, ვიდრე მამაკაცმა.
რაც შეეხება ბავშვზე ზრუნვას, ამ შემთხვევაშიც უმრავლესობას (77%) მიაჩნია, რომ პასუხისმგებლობა თანაბრად უნდა განაწილდეს ცოლ-ქმარზე.
22%–ის აზრით, ბავშვზე ზრუნვა მეტწილად დედის მოვალეობაა, იმავე პასუხისმგებლობას კი მამებს მხოლოდ გამოკითხულთა 1% აკისრებს.
რაც შეეხება ოჯახის მატერიალურ უზრუნველყოფას, თბილისელების 63%-ს მიაჩნია, რომ ქალმა და მამაკაცმა თანაბრად უნდა უზრუნველყონ ოჯახის ფინანსური მდგომარეობა.
კვლევა თბილისის მასშტაბით ჩატარადა და მის ფარგლებში 400 ზრდასრული ადგილობრივი მცხოვრები შემთხვევითი შერჩევის გზით გამოიკითხა.