ვინ გახდება ქვეყნის მთავარი ბრალმდებელი 21 კანდიდატიდან

იუსტიციის მინისტრმა ქვეყნის მთავარი პროკურორის თანამდებობაზე 21 კანდიდატიდან სამი უნდა შეარჩიოს.
Sputnik

თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. დასრულდა საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობაზე კანდიდატების რეგისტრაცია — იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს 21 კანდიდატიდან მოუწევს შერჩევა, ნათქვამია ქვეყნის პროკურორთა საბჭოს ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ივანიშვილი: შოთაძის გადადგომა ახალი სტანდარტია

მთავარი პროკურორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 31 მაისს, საპროტესტო აქციების მონაწილეთა მოთხოვნით, ირაკლი შოთაძე გადადგა. აქციები ხორავას ქუჩაზე ორი 16 წლის მოზარდის მკვლელობის საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ დაიწყო.

შოთაძის გადადგომიდან ოთხი დღის შემდეგ, 4 ივნისს იუსტიციის მინისტრმა მთავარი პროკურატურის კანდიდატურასთან დაკავშირებით საჯარო კონსულტაციების დაწყების შესახებ განაცხადა.

საქართველოს მთავარი პროკურორი შეიძლება გახდეს ქვეყნის მოქალაქე, რომელიც არ არის ნასამართლევი, აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, აქვს არანაკლებ ხუთწლიანი მუშაობის გამოცდილება მოსამართლედ, პროკურორად ან ადვოკატად სისხლის სამართლის საქმეებში, ან, თუ ის აკადემიური წრეების ან საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენელია, აქვს იურისტად მუშაობის სულ ცოტა 10 წლის გამოცდილება.

მთავარი პროკურორის თანამდებობაზე არასამთავრობო და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა წარადგინეს: პაატა შავაძე, ზურაბ ჯორბენაძე, გია ბერძენიძე, ნანა რევაზიშვილი, თამარ კერესელიძე, გრიგოლ გაგნიძე, იოსებ ბაჩიაშვილი, მარიამ ცაცანაშვილი, ჯემალ გახოკიძე, შალვა თადუმაძე, ედიშერ ფუტკარაძე, ნინო გოგნიაშვილი, გიორგი შაშიაშვილი, ირაკლი ნადარეიშვილი, შალვა შავგულიძე, ნონა ფილაური, ალექსანდრე კობაიძე, ლენა კაპანაძე, კოტე ჭილაია, ლევან ძნელაძე და თეიმურაზ ონიანი.

ქართული მასმედია ყველაზე რეალურ კანდიდატებად ასახელებს შალვა თადუმაძეს, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობს და შალვა შავგულიძეს, რომელსაც ავტორიტეტული ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები უჭერენ მხარს.

„ვადა ერთი კვირა – ზაზა სარალიძემ აქცია შეწყვიტა">>

ამ ეტაპზე იუსტიციის მინისტრმა სამი კანდიდატი უნდა შეარჩიოს და პროკურორთა საბჭოს წარუდგინოს. საბჭო, თავის მხრივ, ერთ კანდიდატს ფარული კენჭისყრით შეარჩევს.

კანდიდატის მთავარ პროკურორად დანიშვნა პარლამენტის პრეროგატივაა. მას დეპუტატების ნახევარზე მეტმა უნდა დაუჭიროს მხარი, ანუ 76-მა დეპუტატმა.

უფრო ადრე უკვე ყოფილმა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა პირობა დადო, რომ მთავარი პროკურორის კანდიდატურა პარლამენტს საზოგადოების ფართო კონსენსუსის საფუძველზე წარედგინებოდა.