შსს დეტალებს ასაჯაროებს: ძმები შუშანაშვილები და ესპანეთში კრიმინალების დაკავების საქმე

კრიმინალური დაჯგუფების წევრების დაკავების ოპერაცია ერთდროულად ჩატარდა ესპანეთის სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის მადრიდში, ბარსელონასა და ვალენსიაში
Sputnik

თბილისი, 5 ივლისი — Sputnik.  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ესპანეთში ჩატარებული სპეცოპერაცია „კუში 2“–ის დეტალები გაასაჯაროვა, რომლის დროსაც ქართულ–სომხური კრიმინალური დაჯგუფების ათობით წევრი დააკავეს.

სპეცოპერაცია ერთობლივად ჩაატარეს ესპანეთის პოლიციამ  და საქართველოს შსს–მ, ინტერპოლისა და ევროპოლის აქტიური ჩართულობით. დაკავებები ერთდროულად განხორციელდა მადრიდში, ბარსელონაში, ვალენსიაში, ალიკანტეში, მურსიაში, ჟირონასა და გრანადაში, ნათქვამია შსს–ს განცხადებაში. 

აღნიშნული კრიმინალური დაჯგუფების გამოსავლენად გამოძიება რამდენიმე ეტაპად, ორწელიწად-ნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა. პირველ ეტაპზე, 2017 წლის ნოემბერში ქართული კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს, რომელსაც ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი კახა შუშანაშვილი ხელმძღვანელობდა.

ესპანეთში სომხურ–ქართული კრიმინალური დაჯგუფების 129 წევრი დააკავეს>>>

ამჯერად ქართულ–სომხური დაჯგუფების 129 წევრი დააკავეს, მათ შორის, შვიდი ე.წ. კანონიერი ქურდი. დაკავებულებს შორის ორი საქართველოს მოქალაქეა. შსს–ს მონაცემებით, დაჯგუფებას ეროვნებით სომეხ „კანონიერ ქურდთან" ერთად, ძმები  კახა და ლაშა შუშანაშვილები („ლაშა რუსტავსკი“) ხელმძღვანელობდნენ. ლაშა შუშანაშვილი მაისში  ჯერ კიდევ საბერძნეთში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დააკავეს.

ესპანეთში დაკავებულებს ბრალად ედებათ კრიმინალური დაჯგუფების წევრობა, ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობა, ფულის გათეთრება, საცხოვრებელ სახლებში უკანონო შეღწევა, ავტომობილებით უკანონო ვაჭრობა, თამბაქოს კონტრაბანდა, იარაღის უკანონო ფლობა, დოკუმენტაციის გაყალბება, თაღლითობა, გამოძალვა და კორუფცია სპორტულ გარიგებებში.