ქართული ეკლესიის შუქჩრდილები და მთავარი გამოწვევები

მიეცით კეისარს კეისრისა და ღმერთს - ღმრთისა - ბიბლიური ჭეშმარიტებაა.
Sputnik

ქართული ეკლესიის უდიდესი გავლენა და მისი ღვაწლი საქართველოს სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებაში უდავოდ დიდი და ფასდაუდებელია, მაგრამ ქართველ სამღვდელოებას, როგორც ჩანს, მაინც მოუწევს იმ აზრთან შეგუება, რომ საქართველო სეკულარული სახელმწიფოა და საეკლესიო პირები, ჯობს, ერის სულიერ სიჯანსაღესა და ეკლესიის ავტორიტეტის წმინდა ცხოვრებით განმტკიცებაზე ზრუნავდნენ, ვიდრე მიწების, უძრავი ქონებისა და ტერიტორიების შემოერთებაზე.

საკონსტიტუციო სასამართლომ გუშინ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საეკლესიო პირები და საპატრიარქოს მიერ დაფუძნებული ორგანიზაციები ვეღარ გათავისუფლდებიან იმ გადასახადებისგან, რისი უფლებაც მათ დღემდე ჰქონდათ და თანაბარ მდგომარეობაში იქნებიან სხვა კონფესიებთან.

სარჩელიც სწორედ საქართველოში მოქმედი სხვა რელიგიური კონფენსიების წარმომადგენლებმა შეიტანეს საკონსტიტუციო სასამართლოში.

საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს საპატრიარქოს პრივილეგირებული მდგომარეობა გაუუქმა

ექსპერტ არჩილ გამზარდიას აზრით, საკონსტიტუციო სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა და „ამით ეკლესიის დასუსტებასა და რაიმე განსაკუთრებული ამბის შექმნისგან თავს შეიკავებდა“: „რადგან საქართველოს აქვს სეკულარული კურსი გაცხადებული, სადაც არ არის დომინანტური რელიგია, აქედან გამომდინარე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება სრულ შესაბამისობაშია სახელმწიფოს მიერ გაცხადებულ კურსთან. ამ გადაწყვეტილებით რას მივიღებთ: ან სხვა რელიგიურ ჯგუფებსაც უნდა მიეცეთ ისეთი შეღავათები, როგორიც მართლმადიდებლურ ეკლესიას, ან მართლმადიდებლურ ეკლესიასაც არ ექნება შეღავათები. ჩვენ შეიძლება გვქონდეს ჩვენი სუბიექტური მიდგომა და ეს ისახებოდეს მართმადიდებლური ეკლესიის მხარდაჭერაში, მაგრამ სახელმწიფოს გაცხადებული კურსი არის ეს და ეს არის მოცემულობა“.

საქართველოს საპატრიარქო: მივმართავთ ყველას თავი შეიკავონ დაპირისპირებისაგან

საფრანგეთში მოღვაწე ქართველი იურისტი თვლის, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ სრულიად ლოგიკური და სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო და ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში ნორმალურად მიიჩნევა, რომ ეკლესია რაიმე საგანგებო პრივილეგიებით არ უნდა სარგებლობდეს. საქართველოს წინაშე ქართული ეკლესიის დამსახურება აღიარებული და დამტკიცებულია კონკორდატით, რომელიც ჯერ კიდევ შევარდნაძის პრეზიდენტობისა და სააკაშვილის იუსტიციის მინისტრობის დროს გაფორმდა სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის.

უნდა ერეოდეს თუ არა ეკლესია საერო, მით უფრო, პოლიტიკური საკითხების გადაწყვეტაში? ეს ის თემაა, რომელზეც ქართულ საზოგადოებაში დებატები ჯერ კიდევ გრძელდება. და გაგრძელდება ხვალაც, როცა ტრიბუნაზე ქართველთა ეროვნული კონგრესის მესვეურებს ვიხილავთ. წინასწარი ინფორმაციით, შესაძლოა, ამ შეკრებაზე, სადაც ბევრი იქნება პატრიოტული ლოზუნგი, ვადამდელი არჩევნების ჩატარებაც მოითხოვონ. თუმცა, ალბათ, გაოცდებით, რა კავშირშია ერთმანეთთან ვადამდელი არჩევნები და სასულიერო პირების გულისტკივილი საქართველოს მძიმე მდგომარეობის შესახებ?

პატრიარქის ეპისტოლე, როგორც ნარკოპოლიტიკის შეცვლის ბიძგი

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ფიქრობს, რომ ნატოს სამიტისა და ტრამპისა და პუტინის შეხვედრის წინ ეკლესიაში დაგროვილი პრობლემების გამოტანა და ეპარქიების ურთიერთდაპირისპირება ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს. ნიშნავს თუ არა ეს, რომ ხელისუფლება აღარ აპირებს განსაკუთრებული პრივილეგიები მიანიჭოს საეკლესიო პირებსა და მიიღოს მათი მხარდაჭერა არჩევნებზე? როგორც ჩანს, ასეა. ძნელი დასაჯერებელია, რომ ხელისუფლებას სურდა, საკონსტიტუციო სასამართლოს სხვა გადაწყვეტილება მიეღო და ეს ვერ მოახერხა. უფრო სავარაუდოა, რომ ეს იყო იდეალური შუალედური გადაწყვეტილება, რათა არც თავად ეთქვა უარი ეკლესიისათვის ქონებრივ პრივილეგიებზე და არც ეს პროცესი გაგრძელებულიყო დაუსრულებლად.

ბევრს აინტერესებს, როგორია თავად ქვეყნის რეალური მმართველის დამოკიდებულება ამ პროცესების მიმართ. სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილი ღიად არასოდეს ჩაერევა საეკლესიო საქმეებში, მაგრამ ისიც ძნელი დასაჯერებელია, რომ მას მოსწონდეს, როცა ეკლესიის წარმომადგენლები ხელისუფლების პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენას ცდილობენ. იმედია, რომ ეკლესიაში მიმდინარე პროცესებში ჯანსაღი ძალები გაიმარჯვებენ, ვისაც საქართველოს დამოუკიდებლობა და გაძლიერება სურს და მზადაა ამ საქმეში საკუთარი მორალური წვლილი შეიტანოს.

 

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს.