თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი 166-ე სეზონის დახურვის შემდეგ იტალიაში გასტროლებზე მიემგზავრება, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
საოპერო დასი იტალიაში პუჩინის „ტორე დელ ლაგოსა" და „ტალიაკოცოს" ფესტივალებში მიიღებს მონაწილეობას.
იტალიაში გაიმართება თბილისის ოპერის თეატრის მიერ დადგმული პუჩინის ოპერა „ტოსკას" პრემიერა, რომლითაც დასი ქართველი მსმენელის წინაშე უკვე შემოდგომაზე ახალ სეზონში წარდგება.
ტორე დელ ლაგოს გრანდიოზული ამფითეატრი პუჩინის ფესტივალს უკვე წლებია მასპინძლობს. ქართული საოპერო დასი ამ სცენაზე პირველად წარდგება.
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი წარადგენს ოპერებს „ბოჰემა", „მანონ ლესკო" და „ტოსკა".
რიგით 166-ე სეზონს თეატრი ზაქარია ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერით" 12 ივლისს დახურავს.
ჯაკომო პუჩინი (1858-1924) — იტალიელი კომპოზიტორი, რომლის ცნობილი ოპერებია „ბოჰემა", „ტოსკა", „მადამ ბატერფლაი", „ტურანდოტი" და სხვ.