გენგეგმა: ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონა უნდა მოეწყოს

ექსპერტებმა ელიავას ბაზრობის ქალაქის ცენტრიდან გადატანის აუცილებლობაზე ჯერ კიდევ გასული წლის ივლისში, ბაზრობაზე ხანძრის გაჩენის შემდეგ დაიწყეს საუბარი.
Sputnik

თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა თბილისის მერიას ელიავას ქუჩაზე განთავსებული სამშენებლო მასალების უმსხვილესი ბაზრობის ადგილზე რეკრეაციული ზონის შექმნას სთავაზობს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობა დასრულდა. თბილისის მერიამ კომპანია City Institute Georgia-ს მიერ შემუშავებული გენგეგმის პროექტი მოიწონა. მას მალე ხელს მოაწერენ და დასამტკიცებლად საკრებულოს გადაუგზავნიან. დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა ძალაში 2019 წლის 1 იანვრიდან შევა.

როგორც თბილისის მიწათსარგებლობის გენგეგმაშია ნათქვამი, ელიავას ბაზრობა და მიმდებარე ტერიტორიები საფრთხეს უქმნის მოსახლეობის ჯანმრთელობას და იწვევს იქ არსებული საცხოვრებელი და ბუნებრივი გარემოს დეგრადირებას.

„ამ ტერიტორიაზე არსებული ობიექტები მოცემულ სექტორზე ქალაქის საგზაო ქსელის მნიშვნელოვანი და არამიზანშეწონილი გადატვირთვის მიზეზი ხდება… აუცილებელია მოცემული ტერიტორიის ეკოლოგიური და სარეკრეაციო პოტენციალის გააზრება და არეალზე შესაბამისი საქალაქო განვითარებების დაგეგმვა", — ნათქვამია გენერალურ გეგმაში.

ექსპერტები: ელიავას ბაზრობის ტერიტორიის გამწვანება შეუძლებელია

გენგეგმის მიხედვით, ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონის მოსაწყობად დაუყოვნებლივ უნდა შემუშავდეს საპროექტო მასალა, რადგანაც მაღალია ტერიტორიის დაბინძურებასთან დაკავშირებული საფრთხეები და ასევე არსებობს მაღალი სამშენებლო ინტერესი.

ექსპერტებმა ელიავას ბაზრობის ქალაქის ცენტრიდან გადატანის აუცილებლობაზე ჯერ კიდევ გასული წლის ივლისში, ბაზრობაზე ხანძრის გაჩენის შემდეგ დაიწყეს საუბარი. მათი აზრით, აღნიშნული ტერიტორია რეკრეაციულ ზონად უნდა გადაიქცეს.

ექსპერტებმა გასულ წელს ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე ლაბორატორიული კვლევებიც ჩაატარეს. ტერიტორია იმდენად დაბინძურებული აღმოჩნდა სამშენებლო ნაგვით, ქვებითა და ღორღით, რომ სპეციალისტებს საკმაო ძალისხმევა დასჭირდათ სინჯების ასაღებად.

როგორც მაშინ ითქვა, ელიავას ბაზრობის ტერიტორიის გამწვანებისთვის ახალი ნიადაგია საჭირო, რომელიც სამშენებლო მასალებისა და ქვებისგან გაწმენდის შემდეგ შეიძლება გამოჩნდეს.

ელიავას ბაზრობა, 1995 წლის მონაცემებით, 13,2 ჰექტარ ტერიტორიაზეა განთავსებული. აღნიშნულ ტერიტორიაზე დასაქმებულია 15 ათასი ადამიანი — როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნების მოქალაქეები.