დაიწყო კოლხეთის სამეფოს უძველესი ციხე-ქალაქის – ნოქალაქევის რეაბილიტაცია

ნოქალაქევი ჩვენ წელთაღრიცხვამდე მესამე საუკუნის დასაწყისის არქეოპოლისია სამეგრელოში.
Sputnik

თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ მუზეუმ-ნაკრძალი ნოქალაქევის განვითარების გეგმა შეიმუშავა, აღნიშნულია სააგენტოს Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

პროექტი მოიცავს ნოქალაქევში უძველესი ცენტრის კონსერვაციასა და აღდგენას.

ამ ტერიტორიაზე უძველეს დროში მნიშვნელოვანი ქართული ქალაქი იყო — კოლხეთის სამეფოს ციხე-გოჯი. ბერძენი ისტორიკოსები მას „არქეოპოლისს" უწოდებდნენ, რაც ძველ ქალაქს ნიშნავს. ქართულ წყაროებში მას ქუჯის ციხე ეწოდებოდა. ციხე-ქალაქი ეგრისისა და სვანეთის ერისთავმა ქუჯიმ ააგო.

კულტურული მემკვიდრეობის რამდენი ძეგლი რესტავრირებულია ორ წელიწადში

ურთულეს რელიეფზე, თითქმის 20 ჰექტარ ფართობზე გაშენებული ციხე-ქალაქი ამიერკავკასიის სივრცეში უანალოგო მასშტაბების ნაქალაქარია, სადაც თვალსაჩინოდ არის წარმოდგენილი ურბანული ქსოვილი: სასახლეები, ეკლესიები, წყალსაცავი, უნიკალური გვირაბი, აბანოები და წარმოუდგენლად მძლავრი ფორტიფიკაცია, აღნიშნულია განცხადებაში.

ამ დროისთვის დასრულებულია ქალაქის ქვედა ნაწილისა და მე-19 საუკუნის ხიდის კონსერვაცია. ასევე აწესრიგებენ ინფრასტრუქტურას. იგეგმება ვინოთეკის შექმნა.

ამას გარდა, 2019 წელს დაგეგმილია ახალი მუზეუმის აშენება, რომელშიც განთავსდება საექსპოზიციო სივრცე, საცავი, აუდიტორიები, ბიბლიოთეკა და ქიმიურ-სარესტავრაციო ლაბორატორია.