თბილისი მსოფლიოს ყველაზე ცხელი ადგილების სიაში მოხვდა

ბოლო კვირაში ყველაზე მეტად ცხელოდა ომანში, სომხეთში, საქართველოსა და სხვა ქვეყნებში.
Sputnik

თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. თბილისი მსოფლიოს იმ ქალაქებს შორის მოხვდა, სადაც ბოლო კვირის განმავლობაში ყველაზე მეტად ცხელოდა, ამტკიცებს გაზეთი The Washington Post.

სიცხის გამო საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარებამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია.

ცხელი ზაფხული – საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარების რეკორდი დამყარდა

ჰაერის ტემპერატურა ბოლო დროს აღმოსავლეთ საქართველოში +40-43 გრადუსს აღწევდა, ხოლო დასავლეთ საქართველოში — 30-35 გრადუსს. სიცხისგან თავდასაღწევად მოსახლეობა იძულებულია კონდიციონერები და ვენტილატორები 24-საათიან რეჟიმში ამუშაოს.

ევრაზიის ტერიტორიიდან ყველაზე მეტად ცხელოდა თბილისსა და ერევანში. ერევანში ტემპერატურამ 2 ივლისს +42 გრადუსს მიაღწია, ხოლო თბილისში 4 ივლისს — +40,5 გრადუსს.

ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა კანადის ქალაქ მონრეალში. იქ 2 ივლისს +36,6 გრადუსი იყო.

უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურა იყო ევროპის ჩრდილოეთ ნაწილშიც. გლაზგოში (შოტლანდია) დაფიქსირდა +33,2 გრადუსი, ხოლო ირლანდიის ქალაქ შენონში იმავე დღეს — +32 გრადუსი.

ახლო აღმოსავლეთში ყველაზე მეტად ცხელოდა 28 ივნისს ომანის ქალაქ კურიატში — 42,6 გრადუსი.

სიცხე ნეგატიურად მოქმედებს ნებისმიერ ადამიანზე, მაგრამ ყველაზე მეტად იგი საშიშია 75 წელს ზემოთ ადამიანებისთვის, ბავშვებისთვის, ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისთვის და პარკინსონით დაავადებული ადამიანებისთვის.

ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი ძლიერი სიცხის გამო შეიცვალა

სიცხე ასევე საშიშია ფსიქიკური პრობლემების მქონე პირებისთვის, ადამიანებისთვის, რომლებიც გარკვეულ პრეპარატებს იღებენ, რომლებიც განსაკუთრებით მოქმედებს სხეულის ტემპერატურასა და ოფლის გამოყოფაზე.

რისკ–ჯგუფებში ასევე შედიან ნარკოდამოკიდებული პირები, ასევე ადამიანები, რომლებიც ალკოჰოლს იღებენ. ფრთხილად უნდა იყვნენ ფიზიკურად აქტიური პირები – სპორტსმენები, პირები, რომლებსაც მძიმე ფიზიკური შრომა უწევთ.

სპეციალისტები მოსახლეობას ურჩევენ შენობაში სიგრილე შეინარჩუნონ. დღისით ჰაერის ტემპერატურამ 32 გრადუსს არ უნდა გადააჭარბოს, ღამით კი 24 გრადუსს.

აუცილებელია ფიზიკურ დატვირთვისგან თავის შეკავება და თუ ეს შეუძლებელია, უკეთესია შეარჩიოთ შესაფერისი დრო – დღე-ღამის შედარებით გრილი საათები.