საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს საპატრიარქოს პრივილეგირებული მდგომარეობა გაუუქმა

საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ქვეყანაში არსებული რელიგიური გაერთიანებები წარმოადგენდნენ არსებითად თანასწორ პირებს და განსხვავებული მოპყრობა ეფუძნებოდა რელიგიურ ნიშანს.
Sputnik

თბილისი, 4 ივლისი —Sputnik. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა რელიგიურ უმცირესობათა სარჩელი და გააუქმა საგადასახადო კოდექსის ნორმა, რომელიც ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ს გადახდისგან ათავისუფლებს ტაძრებისა და ეკლესიების მშენებლობას, რესტავრაციასა და მოხატვას, თუ ეს სამუშაო შესრულებულია საქართველოს საპატრიარქოს დაკვეთით, ნათქვამია სასამართლოს ვებგვერდზე.

რელიგიურმა კონფესიებმა საკონსტიტუციოს სასამართლოს აღნიშნული სარჩელით 2017 წლის მარტში მიმართეს. მოსარჩელეები იყვნენ: საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია, საქართველოს სიცოცხლის სიტყვის ეკლესია, ქრისტეს ეკლესია, საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია, მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესიის ტრანსკავკასიური იუნიონი, ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია, ქართველ მუსლიმთა კავშირი, წმინდა სამების ეკლესია. 

საპატრიარქოს საგანგებო განცხადება: მოსალოდნელია თავდასხმები ეკლესიაზე

მოპასუხე მხარის, საქართველოს პარლამენტის მოსაზრებით,  საქართველოს საპატრიარქოსადმი განსხვავებული მოპყრობა ემსახურებოდა ღირებულ ლეგიტიმურ მიზნებს, კერძოდ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული როლის აღიარებას ქვეყანაში.

საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ქვეყანაში არსებული რელიგიური გაერთიანებები წარმოადგენდნენ არსებითად თანასწორ პირებს და განსხვავებული მოპყრობა ეფუძნებოდა რელიგიურ ნიშანს.

„სასამართლომ მიუთითა, რომ ეკლესიის განსაკუთრებული როლის აღიარება დაკავშირებულია მის ისტორიულ ღვაწლთან და არ ემსახურება მართლმადიდებელი ქრისტიანული რელიგიისთვის პრივილეგირებული სამართლებრივი მდგომარეობის შექმნას აწმყოში“, — ნათქვამია განცხადებაში.

იქვე განმარტებულია, რომ საქართველოს საპატრიარქოს პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენებას „არ გააჩნია მყარი, გარდაუვალი კავშირი ეკლესიის ისტორიულ ღვაწლთან და მხოლოდ სახელმწიფოს კეთილი ნების გამოვლინებაა“.

წარმოდგენილ არგუმენტაციაზე დაყრდნობით, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნორმებით გათვალისწინებულ უთანასწორო მოპყრობას არ გააჩნია რაციონალური კავშირი დასახელებულ ლეგიტიმურ მიზნებთან და წარმოადგენს დისკრიმინაციულ რეგულირებას. ამდენად, სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ისგან ათავისუფლებს მხოლოდ საქართველოს საპატრიარქოს დაკვეთით გაწეულ ტაძრებისა და ეკლესიების მშენებლობის, რესტავრაციისა და მოხატვის მომსახურებას, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი  საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.