თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. შავი ზღვის სანაპიროზე, ურეკსა და განმუხურში მაშველებმა დღეს ოთხი ადამიანი გადაარჩინეს დახრჩობას, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის Facebook-გვერდზე.
უწყების პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ურეკში მაშველებმა მამა-შვილი სკუტერით გამოიყვანეს ზღვიდან, რომლებიც უკან გამოსვლას ვერ ახერხებდნენ. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ბანაობის სეზონის დაწყებიდან, 1 მაისიდან 25 ივნისის ჩათვლით, საქართველოს შავ ზღვასა და მდინარეებში 21 ადამიანი დაიხრჩო, 36 კი დაღუპვას გადაარჩინეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს მოქალაქეებს გამოიჩინონ სიფრთხილე და გაითვალისწინონ მაშველთა რეკომენდაციები.