ახალქალაქში საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრი შენდება

ამ დროისთვის უკვე დასრულებულია რამდენიმე შენობის, მათ შორის საკლასო ოთახების, საცხოვრებელი ყაზარმის, შტაბის და სასადილოს მშენებლობა.
Sputnik

თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ახალქალაქში საწყისი სამხედრო მომზადების სასწავლო ცენტრის (BCT) მშენებლობის პროცესს გაეცნო, ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცენტრი ერთდროულად 800 რეკრუტს მიიღებს. ამ დროისთვის უკვე დასრულებულია რამდენიმე ობიექტის, მათ შორის საკლასო ოთახების, საცხოვრებელი ყაზარმის, შტაბის და სასადილოს მშენებლობა; სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს შენობაში, სადაც ახალწვეულებს გაკვეთილები ჩაუტარდებათ.

საქართველო ეროვნული თავდაცვის სტრატეგიაზე მუშაობას იწყებს

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მალე საკონტრაქტო ახალწვეულებს შესაძლებლობა ექნებათ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი თანამედროვე ინფრასტრუქტურის მქონე ცენტრში გაიარონ მომზადება.

„უნდა შეგახსენოთ, რომ ის მოქალაქეები, რომლებიც საკონტრაქტო სამსახურისთვის შეირჩევიან და წარმატებით გაივლიან საწყისი სამხედრო მომზადების კურსს, ერთჯერად ფულად წახალისებას მიიღებენ 250 ლარის ოდენობით", — განაცხადა მინისტრმა.

უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის დასრულებულია შენობის შიდა ინტერიერი, სველი წერტილები, გათბობა-გაგრილების სისტემა.

ახალი საბრძოლო მომზადების ცენტრის ტერიტორიაზე ასევე დაგეგმილია შიდა გზების, გარე განათების, სამწყობრო მოედნის, საკონტროლო–გამშვები პუნქტებისა და ლაზარეთის მშენებლობა.

სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოების დასრულების შემდეგ საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრი მთლიანად ახალქალაქში დისლოცირდება.