ხაჭვანის „დედე" ევრაზიის კინოფესტივალის მთავარ კონკურსში მოხვდა

ფილმის გადაღებები სვანეთში, ყაზბეგსა და კასპში მიმდინარეობდა, დიალოგების დიდი ნაწილი კი სვანურ ენაზეა.
Sputnik

თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. ქართველი რეჟისორის მარიამ ხაჭვანის სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ფილმი „დედე" ევრაზიის კინოფესტივალის მთავარ კონკურსში ხუთ ნომინაციაზე წარადგინეს, ნათქვამია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საერთაშორისო კინოფესტივალი „ევრაზია" ცენტრალური აზიის უმსხვილესი კინოფორუმია, რომელიც პროდიუსერების ასოციაციის საერთაშორისო ფედერაციის (FIAPF) მიერ აკრედიტებულია А კლასის ისეთი ფესტივალების გვერდით, როგორიცაა კანის, ბერლინისა და ვენეციის ფესტივალები.

მარიამ ხაჭვანი კანის კინოფესტივალის რეზიდენციის რჩეული გახდა

ხაჭვანის  „დედე“ ფესტივალზე საუკეთესო ფილმის, საუკეთესო რეჟისორის, საუკეთესო მსახიობი ქალის, საუკეთესო მსახიობი კაცისა და ჟიურის პრიზის ნომინაციებზეა წარდგენილი.

კინემატოგრაფიის ცენტრის ინფორმაციით, „დედეს" პრემიერას ფილმის მემონტაჟე ლევან კუხაშვილი დაესწრება, ასტანაში მცხოვრები ქართველები კი „დედეს" ნახვას 3 ივლისს შეძლებენ. 

„დედე" — სვანური ბალადაა სიყვარულზე. ის მოგვითხრობს სვან გოგონაზე, რომელიც იბრძვის სიყვარულისთვის, მაგრამ ამ მხარეში ტრადიციები სიყვარულზე მაღლა დგას.

ფილმის გადაღებები მიმდინარეობდა სვანეთში, ყაზბეგსა და კასპში. დიალოგების დიდი ნაწილი სვანურ ენაზეა, მსახიობების უმეტესობაც სვანია. მთავარ როლებს გიორგი ბაბლუანი, ნათია ვიბლიანი, გირშელ ჭელიძე და ნუკრი ხაჭვანი ასრულებენ.

ფილმი „დედე“ ვენის ფესტივალზეა წარდგენილი

„დედე" ოთხი ქვეყნის კინოპროდუქციაა – საქართველოს, ირლანდიის, კატარისა და ჰოლანდიის. ფილმი ეროვნული კინოცენტრის, Doha Film Institute-ს და სანდენსის კინოფესტივალის მხარდაჭერით შეიქმნა.

„დედე" მრავალი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია. არის კარლოვი ვარის 52-ე საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზიორი, საკონკურსო პროგრამის East of the West-ის ჟიურის სპეციალური პრიზის მფლობელი. 2017 წლის ოქტომბერში ფილმმა ორი ჯილდო მოიპოვა: პოლონეთის კინოფესტივალ „ტოფიფესტზე" საუკეთესო რეჟისურისთვის „ვერცხლის ანგელოზით" დაჯილდოვდა, ხოლო საფრანგეთში მონპელიეს Cinemed-ის ფესტივალზე მაყურებლის სიმპათიის პრიზი მოიპოვა. შემდეგ კი პრესტიჟული საერთაშორისო Asia Pacific Screen Awards-დან (APSA) გამარჯვებული დაბრუნდა.

ფილმის ქართული პრემიერა 2018 წლის 22 თებერვალს გაიმართა.