საქართველოში შიდა ავიარეისების შესრულებაზე ტენდერი გამოცხადდა

ტენდერის გამარჯვებული ადგილობრივ ავიარეისებს ოთხი მიმართულებით შეასრულებს.
Sputnik

თბილისი, 2 ივლისი – Sputnik. გამოცხადდა ტენდერი ადგილობრივი ავიარეისების მომსახურების შესყიდვის შესახებ 4 წლის ვადით 49,672 მილიონ ლარზე, ნათქვამია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ განცხადებაში.

„მომსახურება გულისხმობს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ აეროპორტებს შორის მესტია–ქუთაისი–მესტია, ნატახტარი–მესტია–ნატახტარი, ნატახტარი–ამბროლაური–ნატახტარი, თბილისი–ბათუმი–თბილისის მიმართულებით მგზავრთა საჰაერო გადაყვანის მიზნით ავიარეისების ორგანიზებას და შესრულებას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოს შიდა ავიარეისებზე ბილეთების ფასები ძვირდება

ტენდერის პირობებით, გამარჯვებულმა კომპანიამ მგზავრთა გადაყვანა უნდა უზრუნველყოს ორი თვითმფრინავით – ერთში უნდა იყოს სულ მცირე 15 ადგილი, ხოლო მეორეში – 30.

ოთხი წლის განმავლობაში მცირე ზომის თვითმფრინავმა უნდა განახორციელოს 2 248 რეისი, ხოლო საშუალო ზომის თვითმფრინავმა – 2 487 ათასი რეისი.

მომსახურების ღირებულების გადახდა მოხდება ყოველთვიურად, შესრულებული რეისების რაოდენობიდან გამომდინარე.

დაინტერესებულ კომპანიებს განაცხადების ჩატვირთვა ელექტრონული სახით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ–გვერდზე შეუძლიათ 12 ივლისის ჩათვლით.