თბილისი, 2 ივლისი – Sputnik. ყველაზე მასშტაბური ფოლკლორის ფესტივალის „არტ–გენი“ (Art-Geni) თბილისურ ნაწილს ცნობილი მომღერალი ნინო ქათამაძე და ჯგუფი Insight გახსნიან, აღნიშნულია ღონისძიების Facebook–გვერდზე.
დედაქალაქში ფესტივალი, ტრადიციულად, გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში 8–15 ივლისს გაიმართება. მუზეუმი სტუმრებისთვის 12:00 საათიდან ღია იქნება.
რვა დღის განმავლობაში სტუმრების წინაშე გამოვლენ Asea Sool, რობი კუხიანიძე, ჯგუფი „ფრანი“ და Reggaeon, „სუხიშვილები“ და ფოლკლორული ანსამბლები რეგიონებიდან. რიგით მე–15 ფესტივალს დაასრულებს ნიაზ დიასამიძისა და ჯგუფ 33ა–ს კონცერტი. გამოსვლები 22:30 საათზე დაიწყება.
ეთნოგრაფიული მუზეუმის ტერიტორიაზე მოეწყობა დასვენების ზონები მოსახერხებელი ჰამაკებითა და ქართული სამზარეულოთი. კონცერტების პარალელურად გაიმართება ხელნაკეთი ნივთების გამოფენა.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია ვებ–გვერდზე tkt.ge.
„არტ–გენი“ მაღალმთიან სოფელ ქედაში 22 ივნისს გაიხსნა. შემდეგ კონცერტები გაიმართა ლანჩხუთში, წყალტუბოში, ცაგერში.
ფესტივალი 2004 წელს დაარსდა და ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფესტივალია, რომელსაც ყოველწლიურად 30-40 ათასი ადამიანი სტუმრობს. ფესტივალის მთავარი მიზანია ფოლკლორის, ხალხური რეწვის, ზეპირსიტყვიერებისა და ტრადიციული საბრძოლო ხელოვნების პოპულარიზაცია.