კახეთში 50 წლამდე ქალი გველმა დაკბინა

გავრცელებული ინფორმაციით, ქალს გიურზამ უკბინა.
Sputnik

თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შაქრიანში მცხოვრები ქალი გველმა დაკბინა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ქალი ბოსტანში მუშაობდა. გავრცელებული ინფორმაციით, მას გიურზამ უკბინა. 

სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაზარალებული ჯერ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც ინტოქსიკაციის საწინააღმდეგო შრატი გაუკეთეს, თუმცა შემდეგ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ქალი კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა.

ქუთაისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გველები მომრავლდა

თელავის რეფერალური საავადმყოფოს ექიმის განცხადებით, ქალს სპეციალური ვაქცინის მიღების შემდეგ ალერგიული ფონი განუვითარდა. 

კახეთში ერთი თვის განმავლობაში ქვეწარმავლის მიერ დაკბენის ეს უკვე მესამე შემთხვევაა.

გველები მომრავლებულია საქართველოს დედაქალაქშიც. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინფორმაციით, 2018 წლის დასაწყისიდან 20 ივნისამდე თბილისში 244 ქვეწარმავალი დაიჭირეს.

გასულ წელს სააგენტოს თანამშრომლებმა თბილისის სხვადასხვა უბანში 438 ქვეწარმავალი დაიჭირეს. ქვეწარმავლების გამოჩენის პიკი მაისში, ივნისსა და ივლისშია.

საქართველოში 30 სახეობის გველი ბინადრობს, მათგან შხამიანი ოთხია — გიურზა, დინიკის გველგესლა, ცხვირრქოსანი გველგესლა, კავკასიური გველგესლა. თბილისში გველის 12-მდე სახეობა ბინადრობს.

სპეციალისტები მოსახლეობას ურჩევენ ეზოების გაწმენდას სამშენებლო მასალებისა და ნარჩენებისგან და ბალახის მოთიბვას, რათა გველებმა ბუდეების გაკეთება ვერ შეძლონ.