თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. ბათუმის დელფინარიუმში ერთი კვირის შუალედით ორი დელფინი დაიბადა, ნათქვამია დელფინარიუმის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დელფინებმა ციციმ და ფლიპერმა შვილები 20 და 26 ივნისს გააჩინეს.
„ეჭვი ციცისა და ფლიპერის „საინტერესო მდგომარეობის" შესახებ დელფინარიუმის სპეციალისტებს ჯერ კიდევ 11 თვის წინ გაუჩნდათ. მათ წონაში მატება დაიწყეს. მოგვიანებით ვარაუდი გეგმიურმა ექოსკოპიამაც დაადასტურა", – წერია ბათუმის დელფინარიუმის ვებ-გვერდზე.
ბათუმის დელფინარიუმი პატარა დელფინის დაბადების ვიდეოსაც ავრცელებს, რომელიც დელფინარიუმის ერთ-ერთმა მწვრთნელმა ანა ჩულკოვამ გადაიღო.
„ველოდებოდით, რომ პატარა დღე-დღეზე უნდა დაბადებულიყო, ამიტომაც ორსული ციცი დაკვირვების 24-საათიან რეჟიმში იმყოფებოდა. მოლოდინში ვიყავით და ამიტომაც ტელეფონი თან გვქონდა ხოლმე. მშობიარობა საათზე მეტხანს გაგრძელდა… ეს კადრები 09:40 წუთზე გადავიღე. როცა პატარა დავინახე, სიხარულისგან ცრემლები ვერ შევიკავე", — ჰყვება დელფინარიუმის თანამშრომელი.
დედა დელფინები პატარებს გარემოსთან ადაპტაციას პირველივე წუთებიდანვე ასწავლიან და წყლის ზედაპირზე ამოჰყავთ, რის შემდეგაც ახალშობილი დედასთან ერთად სინქრონულად იწყებს ცურვას. ახალშობილი დედის რძით კვებას იწყებს, რაც 3 წელზე მეტხანს გრძელდება.
ჯერჯერობით უცნობია ახალშობილი დელფინების სქესი. მათი სქესის დადგენის შემდეგ კი დელფინარიუმი სახელების შესარჩევ კონკურსს გამოაცხადებს. საკუთარი ვერსიის გაგზავნას ნებისმიერი მსურველი შეძლებს ვებ-გვერდზე www.dolphinarium.ge, გამარჯვებულები კი "ბათუმობის" დღესასწაულზე გამოვლინდებიან.
ბათუმის დელფინარიუმში დელფინების დაბადების ათამდე შემთხვევაა დაფიქსირებული, რაც, სპეციალისტების თქმით, იმის დადასტურებაა, რომ ბათუმის დელფინარიუმის ბინადრებისთვის იდეალური პირობებია შექმნილი.
ბათუმის დელფინარიუმის მკვიდრი დელფინი აფალინა შეტანილია ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის „წითელ ნუსხაში" (IUCN) და გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ კონვენციის (CITES) II დანართში.
ბათუმის დელფინარიუმი ქალაქის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა, რომელიც განსაკუთრებულად იზიდავს ტურისტებს.