თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. დედაქალაქში ღია კაფე-ბარები უნდა იყოს, მაგრამ წესრიგი სჭირდება ყველაფერს, მიაჩნია დედაქალაქის მერს კახა კალაძეს.
„ჩვენ გვინდა წესრიგი ქალაქში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ის, რაც ხდება დღეს ქაოტურად, თუნდაც გარეთ გამოტანილი ტერასები, ამის გამო ადამიანს არ აქვს შესაძლებლობა, ნორმალურად გაიაროს. ამის ნათელი მაგალითი იყო ახალი აღმაშენებელი, თუმცა დღეს იქ უკვე მოწესრიგებულია ყველაფერი. შეუძლებელი იყო, აღმაშენებელზე ორ ადამიანს ერთად გაევლო, იმდენად გამოსული იყო გარე მაგიდები ტროტუარებზე?“ – აღნიშნა თბილისის მერმა.
კახა კალაძის თქმით, ბიზნესის მიერ სავალ ნაწილზე მოწყობილი ინფრასტრუქტურის გამო, ზოგიერთ ქუჩაზე ქვეითების გადაადგილება შეუძლებელია. თბილისის მერი განმარტავს, რომ მერია კაფე-ბარების მეპატრონეებს მაგიდების გარეთ განთავსებას არ უკრძალავს, თუმცა საჭიროა, აღნიშნული ბიზნესი გარკვეული რეგულაციების ქვეშ მოექცეს.
მერიის ზედამხედველობის სამსახურის განმარტებით, გარე კაფეების მეპატრონეებს გონივრულ ვადაში საიჯარე დოკუმენტაციის და ესკიზების წარმოდგენა ევალებათ, რის განთავსებას გეგმავენ იჯარით აღებულ ტერიტორიაზე. სათანადო დოკუმენტაციის მოწესრიგების შემთხვევაში კი მათ შეუფერხებლად მუშაობის საშუალება ექნებათ.
გარე კაფეების მფლობელთა ნაწილი ახალი რეგულაციების წინააღმდეგია.