„მძინარე მზეთუნახავი“ თბილისში საბალეტო ფესტივალს დახურავს

კვირის განმავლობაში სხვადასხვა ქვეყნის საბალეტო დასებმა საუკეთესო სპექტაკლები წარმოადგინეს
Sputnik

თბილისი, 1 ივლისი  — Sputnik.  ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში საერთაშორისო საბალეტო ფესტივალს გრანდიოზული გალა–პერფორმანსი „მძინარე მზეთუნახავი“ 1 ივლისს დახურავს.

ფესტივალმა სტარტი 23 ივნისს აიღო და მასში მონაწილეობდნენ ნიდერლანდების ცეკვის თეატრი, იტალიური ქორეოგრაფიული დასი  Spellbound–ი, თანამედროვე ბალეტის მოწვეული ვარსკვლავები, ასევე თბილისის ოპერისა და ბალეტის დასი.

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრმა უკვე წარმოადგინა ორი სპექტაკლი: „რომეო და ჯულიეტა“ და ფრანგი ქორეოგრაფის მედი ვალერსკის ერთმოქმედებიანი ბალეტი Orawa. 

„მძინარე მზეთუნახავი" - ნანატრი პრემიერა ანანიაშვილის დადგმით

ფესტივალის დახურვაზე პეტრე ჩაიკოვსკის მუსიკაზე დადგმულ  „მძინარე მზეთუნახავში“ მონაწილეობენ – ამანდინ ალბისონი, მარსელო გომესი (აშშ) და თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტები: ნუცა ჩეკურიშვილი, ნინო სამადაშვილი, ეკატერინე სურმავა და რუიკა ეკოიამა.

საღამო 20:00 საათზე დაიწყება

საერთაშორისო საბალეტო ფესტივალი თბილისში 2017 წელს დაფუძნდა. წელს ფესტივალი მეორედ ტარდება. საბალეტო ფესტივალში თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დასთან და ორკესტრთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავები და მსოფლიოში სახელგანთქმული საბალეტო დასები: Spellbound Contemporary Ballet (იტალია), ნიდერლანდების ცეკვის თეატრი 2 (NDT 2). ფესტივალის დამაარსებელია თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, პრიმა–ბალერინა ნინო ანანიაშვილი.

ფესტივალი სამთავრობო პროექტ  Check in Georgia–ა ფარგლებში ტარდება.