თბილისი, 1 ივლისი – Sputnik. ექვსი ადამიანი დაშავდა გომბორის უღელტეხილზე მომხდარი ავტოავარიის შედეგად, განუცხადეს „Sputnik- საქართელოს" შსს-ს პრეს-სასმსახურში.
თბილისიდან თელავის მიმართულებით მოძრავი „სუზუკის" მარკის ავტობუსი გომბორის უღელტეხილზე რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა, რის შედეგადაც რუსეთის ექვსი მოქალაქე დაშავდა.
დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შემთხვევის ადგილზე სამაშველო ჯგუფები და პოლიციაა მობილიზებული.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.
აღსანიშნავია, რომ გომბორის უღელტეხილზე 9 ივნისს მიკროავტობუსი, რომელსაც სკოლის მოსწავლეები ექსკურსიაზე მიჰყავდა, გზიდან ხევში გადავარდა. დაიღუპა ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი.