სააკაშვილი: მე ისე ვარ დაკავშირებული გელაშვილის ცემასთან, როგორც კენედის მკვლელობასთან

ექს–პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს კლოუნადა უწოდა.
Sputnik

თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. საქართველოს ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც სასამართლომ 6 წლით პატიმრობა შეუფარდა დაუსწრებლად, ამტკიცებს, რომ 2005 წელს საქართველოს პარლამენტის დეპუტატის ვალერი გელაშვილის ფიზიკური ანგარიშსწორების საქმესთან დაკავშირებული არ არის.

მიხეილ სააკაშვილს 6-წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდეს>>>

თბილისის საქალაქო სასამართლომ სააკაშვილის წინააღმდეგ მეორე განაჩენი ხუთშაბათს გამოიტანა. 2018 წლის იანვარში მას დაუსწრებლად შეუფარდეს სამი  წლით პატიმრობა სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულთა შეწყალებასთან დაკავშირებით.  
მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ახალი სისტემის შექმნის იდეით გამოდის

„მე ისე ვარ დაკავშირებული გელაშვილის ცემასთან, როგორც კენედის და ტროცკის მკვლელობასთან და კალიგულას მოშორებასთან. არ შეიძლება ამ პროცესს სამართლიანი ვუწოდოთ. მართლმსაჯულებასთან მას ისეთივე კავშირი აქვს, როგორც მე მარსის შემდგომ კვლევასთან. ეს ჩვეულებრივი კლოუნადაა, რომელსაც მართლმსაჯულებასთან კავშირი არ აქვს“, – განაცხადა სააკაშვილმა ტელეკომპანია Rustavi2-ის ეთერში.

გელაშვილის საქმეზე მთავარი მოწმე პარლამენტის ექს–სპიკერი, ოპოზიციური პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე იყო, რომელიც, სააკაშვილის სიტყვებით, მის წინააღმდეგ შურისძიების პირდაპირი მტკიცებულებაა.

ექს–პრეზიდენტმა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებლისა და თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მისამართით ბრალდებები წამოაყენა.

„ახლა ჩემი გასამართლება ბურჯანაძის ჩვენებებზე დაყრდნობით და 6 წლით პატიმრობის შეფარდება მხოლოდ ერთს ნიშნავს – ივანიშვილს უნდა, რომ მე საქართველოში არ დავბრუნდე. ის ყველაფერს გააკეთებს, რომ მე, როგორც თანამედროვე ქართული სახელმწიფოს შემქმნელმა, საქართველოში დაბრუნება ვერ შევძლო“, – განაცხადა სააკაშვილმა.

სააკაშვილმა საქართველო 2013 წელს დატოვა, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გახდა.   

სააკაშვილი საქართველოში დაბრუნების პირობას დებს

რაც შეეხება განაჩენს, გამოძიებამ დაადგინა, რომ მიხეილ სააკაშვილმა მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილს დაავალა გელაშვილის ცემა, მას შემდეგ, რაც 2005 წლის ივნისში გაზეთ „რეზონანსში“ დაიბეჭდა სტატია სახელწოდებით „ვალერი გელაშვილი თავის სახლს სააკაშვილს დაუთმობს“. აღნიშნულ სტატიაში გელაშვილი აცხადებდა, რომ მას წაართვეს მისი კუთვნილი ქონება და აღშფოთებას გამოხატავდა ამის გამო. იმავე სტატიაში იგი შეურაცხმყოფელი ფორმით შეეხო სააკაშვილის პირად ცხოვრებას.

გამოძიების მტკიცებით, სააკაშვილის დავალება 2005 წლის 14 ივლისს შეასრულეს — გელაშვილს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტისა და სპეცრაზმის თანამშრომლები გაუსწორდნენ.

შედეგად ვალერი გელაშვილმა ქალა-ტვინის ტრავმა, ყბა-სახის მრავლობითი დაზიანება მიიღო.

მიხეილ სააკაშვილს ბრალი წარედგინა სსკ–ის მუხლებით „ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება“ და „სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტება".