„კუკუშკა“ კვლავ მწყობრშია

ლიანდაგები მეწყრული მასებისგან გაიწმინდა და მატარებლის მოძრაობა აღდგა.
Sputnik

თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. ბორჯომი–ბაკურიანის ვიწროლიანდაგიან რკინიგზაზე ე.წ. კუკუშკას მოძრაობა აღდგენილია, აღნიშნულია საქართველოს რკინიგზის ვებ–გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

რკინიგზაზე 20 ივნისს, გამთენიისას მეწყერი ჩამოწვა, მიწის მასები სოფელ დაბასთან მისასვლელ გზაზე, მერვე კილომეტრის მერვე პიკეტზე ჩამოიშალა. ლიანდაგები მეწყრულმა მასებმა დაფარა, რის გამოც მატარებლის მოძრაობა შეჩერდა. მოძრაობა რკინიგზაზე შესაბამისი სამუშაოების ჩატარების შემდეგ, დღეს განახლდა.

ბორჯომი–ბაკურიანის რკინიგზამ განსაკუთრებული სტატუსი მიიღო

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, პირველი რეისი დღეს 07:15 საათზე შესრულდა. „კუკუშკამ“ ბორჯომიდან ბაკურიანში ქართველებთან ერთად უცხოელი ტურისტებიც გადაიყვანა.

ბორჯომი–ბაკურიანის სარკინიგზო ხაზი საქართველოს რკინიგზის ერთადერთი ვიწროლიანდაგიანი მონაკვეთია, რომლის მშენებლობა 1897 წელს დაიწყო და 1902 წელს ბორჯომი–ხარაგაულის უბანზე გაიხსნა. ხაზის სიგრძე 37,2 კილომეტრია, თუმცა, რელიეფის სირთულის გათვალისწინებით, გზის გავლას 2,5 საათი სჭირდება.

ხაზზე დიდი ხნის განმავლობაში მოძრაობდა მცირე ორთქლმავალი, რის გამოც დღეს არსებულ ელექტროშემადგენლობასაც რუსული ორთქლმავლის მეტსახელი „კუკუშკა" შემორჩა.

2016 წელს მატარებლები სრულად განაახლეს, მაგრამ პირვანდელი იერი შეუნარჩუნეს.