საქართველოში ფერმერებს აღრიცხავენ

პირველ ეტაპზე დაარეგისტრირებენ ფერმერებს, რომელთაც რომელთაც 0,25 ჰექტარზე მეტი მიწის ფართობი აქვთ
Sputnik

თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. საქართველოს მთავრობა გეგმავს ყველა იმ პირის აღრიცხვას, რომელიც სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული, ნათქვამია მთავრობის განცხადებაში Facebook–გვერდზე.

სოფლის მეურნეობის რეფორმა მთავრობის ერთ–ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. როგორც ქვეყნის პრემიერ–მინისტრმა განაცხადა, მთავრობის მთავარი ამოცანაა, რომ ეს სექტორი მომგებიანი გახდეს.

საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი ფერმერების სწავლას დააფინანსებს

„დაგეგმილია საქართველოს მასშტაბით სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით დაკავებულ პირთა აღრიცხვა, რაც შექმნის მნიშვნელოვან საინფორმაციო ბაზას და გააჩენს შესაძლებლობას, მიზნობრივი და სხვადასხვა მასტიმულირებელი პროექტის/პროგრამის განხორციელებისთვის სამიზნე ჯგუფები სწორად იქნეს შერჩეული“, – აღნიშნულია განცხადებაში.

პირველ ეტაპზე დაარეგისტრირებენ ფერმერებს, რომელთაც 0,25 ჰექტარზე მეტი მიწის ფართობი აქვთ და რომლებიც არიან სახელმწიფოს მიერ განხორციელებული რომელიმე სასოფლო-სამეურნეო პროექტის/პროგრამის ბენეფიციარები ან/და სარგებლობენ სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული რომელიმე სასოფლო-სამეურნეო მომსახურებით.

გარდა ამისა, დარეგისტრირება შესაძლებელია საკუთარი სურვილითაც. ამისთვის მსურველებმა უნდა დარეკონ ტელეფონის ნომერზე 1501.

სოფლის მეურნეობის აღწერის თანახმად, 2014 წლის 1 ოქტომბრისთვის საქართველოში იყო 574,1 ათასი მეურნეობა და მუშავდებოდა 787,7 ათასი ჰექტარი მიწა.