თბილისის თოჯინების მუზეუმის ექსპონატებზე უნიკალური წიგნი გამოიცა

ქართული თოჯინებისა და სათამაშოების იშვიათ ეგზემპლარებს უკვე ერთ წიგნში იხილავთ.
Sputnik

თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. თბილისის თოჯინებისა და სათამაშოების მუზეუმის იშვიათი ექსპონატების შესახებ უნიკალური წიგნი უკვე იყიდება, იუწყებიან გამომცემლები.

წიგნი „თბილისის თოჯინებისა და სათამაშოების მუზეუმი“ თბილისის მუზეუმების გაერთიანების ინიციატივით ქართულ და ინგლისურ ენებზე გამოიცა. ილუსტრირებული წიგნი მოგითხრობთ მუზეუმის კოლექციის შესახებ, რომლის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს თოჯინები, რომლებიც ქართველმა მხატვრებმა  თითო ეგზემპლარად შექმნეს. წიგნის გამოცემა მუზეუმის 80 წელს ეძღვნება. 

ქართული თოჯინები ჩინეთში – „არტ-ბანკ გალერიმ“ ქართველ მეთოჯინესთან კონტრაქტი გააფორმა

კრებულში გაერთიანებულია უნიკალური ფოტოები, საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში მოძიებული და შეკრებილი ძველი ქართული თამაშები. მკითხველი გაიგებს თოჯინების შესახებ აქამდე უცნობ ფაქტებს, ამიტომაც წიგნი, გამომცემლების სიტყვებით, კულტურულ–საგანმანათლებლო ხასიათისაა.

წიგნის შეძენა შესაძლებელია თბილისის მუზეუმების გაერთიანების სტრუქტურულ ერთეულებში, გამომცემლობა Santa Esperanza-ს მაღაზიებში და საქართველოს ეროვნული მუზეუმის მაღაზიებში.

თბილისის თოჯინებისა და სათამაშოების მუზეუმი საბავშვო მწერალმა და პედაგოგმა თინათინ თუმანიშვილმა 1937 წელს დააარსა. თავიდან, თოჯინების გარდა, პირველ კოლექციაში შესული იყო სათამაშო ჭურჭელი, სათამაშოები, წიგნები და ხელნაწერები. 90-იან წლებში მუზეუმი გაიქურდა – დაიკარგა ჰოლანდიელი, ფრანგი და შვეიცარელი ოსტატების მიერ დამზადებული 24 თოჯინა. იგი დამთვალიერებლისთვის 15 წელი დაკეტილი იყო. 2009 წელს მუზეუმის კოლექცია შეივსო და კვლავ გაიხსნა.

დღეს თოჯინების მუზეუმი დაახლოებით 3 ათას იშვიათ ექსპონატს ითვლის. ეს არის XIX-XX საუკუნეების თოჯინები ინდოეთიდან, ჩინეთიდან, იაპონიიდან და ევროპის ქვეყნებიდან.