სკანდალი ქუთაისში – WizzAir-ის მგზავრები ბარსელონის რეისიდან მოხსნეს

ავიაკომპანია WizzAir-ის რეისი ქუთაისიდან ბარსელონაში ტექნიკური მიზეზების გამო ჩასხდომიდან ერთი საათის შემდეგ გააუქმეს.
Sputnik

თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. რეისი ქუთაისი–ბარსელონა თვითმფრინავთან დაკავშირებული გაუთვალისწინებელი ტექნიკური გარემოებების გამო გააუქმეს, აღნიშნულია ავიაკომპანია WizzAir-ის განცხადებაში.

როგორც მგზავრებმა ტელეკომპანია Rustavi2-თან განაცხადეს, რეისი ჩასხდომის შემდეგ ერთი საათით ჯერ დააყოვნეს, შემდეგ კი სულ გააუქმეს. მათი თქმით, პრობლემები შეიქმნა სავენტილაციო სისტემასთან დაკავშირებით, რის გამოც ორი მგზავრი ცუდად გახდა და სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

WizzAir-ის მგზავრებს ქუთაისში ხელბარგის გადასახადის გადახდა მოუწევთ

„WizzAir-ის პოლიტიკისა და შესაბამისი რეგულაციების გათვალისწინებით, ყველა მგზავრი, ვისი რეისიც გადაიდო, შეძლებს უფასოდ გაფრენას WizzAir-ის ალტერნატიული რეისით, ბილეთის სრული ღირებულების ან საწყისი ღირებულების 120%-ის ანაზღაურების მოთხოვნას საკრედიტო ბარათზე WIZZ", — ნათქვამია ავიაკომპანიის განცხადებაში.

ავიაკომპანია ასევე პირობას დებს, რომ მგზავრებს უზრუნველყოფს სასურსათო ვაუჩერით და, აუცილებლობის შემთხვევაში, განათავსებს სასტუმროში.

WizzAirმა მგზავრებს დისკომფორტისთვის ბოდიში მოუხადა, მაგრამ ამასთან ერთად აღნიშნა, რომ კომპანიისთვის მთავარი პრიორიტეტია მგზავრების, ეკიპაჟისა და თვითმფრინავის უსაფრთხოება.

განცხადებაში არ არის მითითებული, თუ რამდენი დღით გადაიდო ქუთაისი-ბარსელონა-ქუთაისის რეისი.

ტელეარხის ინფორმაციით, ესპანეთში გაფრენა დაახლოებით 200-მა მგზავრმა ვერ შეძლო. რეისი კი ცხრა დღით, 6 ივლისამდე გადაიდო. WizzAir-მა მგზავრებს სასტუმროს ნომრის საფასურის გადახდა მხოლოდ ოთხი დღით შესთავაზა, რამაც მგზავრთა უკმაყოფილება გამოიწვია.

დავა მგზავრებსა და აეროპორტისა და ავიაკომპანიის თანამშრომლებს შორის კონფლიქტში გადაიზარდა.

WizzAir–ი ქუთაისი–ბუქარესტის მიმართულებით ფრენებს იწყებს

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ადმინისტრაციამ რეისის გაუქმება ტექნიკური ხარვეზებით ახსნა.

„ავიაკომპანია „ვიზეარის" რეისის ქუთაისი-ბარსელონას შესრულების დროს დაფიქსირდა ტექნიკური ხარვეზი. კომპანიის ტექნიკოსების და თვითმფრინავის კაპიტნის რეკომენდაციით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება რეისის გაუქმების შესახებ", – ნათქვამია აეროპორტის Facebook-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

WizzAir-მა თავისი 25-ე ბაზა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოთხწლიანი წარმატებული ოპერირების შედეგად გახსნა. პირველი ავიარეისი კომპანიამ 2012 წელს შეასრულა. WizzAir-მა ბაზის გახსნაში 98 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩადო.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც ქალაქის ცენტრიდან დასავლეთით 14 კილომეტრში მდებარეობს, 2012 წელს გაიხსნა.