ავტობუსებისა და სატვირთოების მძღოლებს მართვის უფლების ვადა უხანგრძლივდებათ

მიზეზი, რის გამოც აღნიშნული ცვლილებები შევიდა კანონში, ისაა, რომ დარჩენილ მოკლე ხანში დიდი რაოდენობით მართვის უფლებების შეცვლა ფიზიკურად შეუძლებელია.
Sputnik

თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. სამგზავრო და სატვირთო სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებს, რომლებსაც მართვის უფლებები 2006 წლის 1 მარტიდან 2014 წლის 1 მარტამდე პერიოდში აქვთ მიღებული, საბუთით სარგებლობა კიდევ ცხრა თვის განმავლობაში შეუძლიათ. 

ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვისთვის 19 ათას მძღოლს მართვის უფლება ჩამოერთვა

საქართველოს პარლამენტმა შესაბამისი ცვლილებები უკვე შეიტანა კანონში „მოძრაობის შესახებ“. ცვლილებების თანახმად, რომელსაც მხარი 150-დან 79-მა დეპუტატმა დაუჭირა, "C", "CE", "D", "DE", "C1", "C1E", "D1" და "D1E" კატეგორიების მძღოლებმა მართვის უფლებები, ნაცვლად მიმდინარე წლის 1 სექტემბრისა, 2019 წლის 1 მარტამდე უნდა გამოცვალონ.

მიზეზი, რის გამოც აღნიშნული ცვლილებები შევიდა კანონში, ისაა, რომ დარჩენილ მოკლე ხანში დიდი რაოდენობით მართვის უფლებების შეცვლა ფიზიკურად შეუძლებელია.

„დღეის მდგომარეობით გაცემულია 481 000 ზემოაღნიშნული კატეგორიების/ქვეკატეგორიების მართვის მოწმობა, ამათაგან 263 700 მართვის მოწმობას 2018 წლის 1 სექტემბერს გასდის მოქმედების ვადა. იქედან გამომდინარე, რომ 2018 წლის 1 სექტემბრამდე დარჩენილია 3 თვეზე ნაკლები, ამ რაოდენობის მართვის მოწმობების შეცვლა, პრაქტიკულად შეუძლებელია, ვინაიდან ერთი სამუშაო დღის განმავლობაში მომსახურების სააგენტოში არსებული რესურსით შესაძლებელია მაქსიმუმ 2 800 მართვის მოწმობის შეცვლა“, — ნათქვამია კანონის განმარტებით ბარათში.

ცვლილებები ძალაში პრეზიდენტის ხელმოწერიდან მე-15 დღესა და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების შემდეგ შევა.