ახალგაზრდა კინემატოგრაფისტებს „ალტერნატიულ ტალღაში" მონაწილეობის მისაღებად იწვევენ

„ალტერნატიული ტალღის“ მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, დაესწრონ კინოს სფეროს მოწვეული სპეციალისტების ღია ლექციებს.
Sputnik

თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. ინდუსტრიული პლატფორმა „ალტერნატიული ტალღა 2018", რომელიც საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის BIAF ფარგლებში 19-23 სექტემბერს იმართება, იწყებს განაცხადების მიღებას, იუწყება საქართველოს კინემატოგრაფისტთა ეროვნული ცენტრი.

„შერჩეულ მონაწილეებს მიეცემათ საშუალება ექსპერტების მონაწილეობით განავითარონ სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის პროექტები შემდეგი მიმართულებებით: სცენარის განვითარება, კო-პროდუქციის სტრატეგია, დაფინანსების სტრატეგია, საფესტივალო სტრატეგია, დისტრიბუციისა და მარკეტინგის სტრატეგია", — აღნიშნულია კინოცენტრის განცხადებაში.

BIAFF-2018: ბათუმი საავტორო კინოს ფესტივალს უმასპინძლებს

განაცხადებში აპლიკანტებმა უნდა წარადგინონ თავიანთი ფილმების სცენარი და სინოფსისი, რეჟისორის ხედვა და მისი ბიო-ფილმოგრაფია, პროდიუსერების მოტივაცია, ფილმის ბიუჯეტი და ფინანსური გეგმა. დოკუმენტაცია ქართულ ენაზე უნდა იყოს წარმოდგენილი.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „ალტერნატიული ტალღის" პროგრამის ფინალში საუკეთესო პროექტები გამოვლინდება.

მონაწილეობის მისაღებად მოწვეული იქნება პროექტის ორი წარმომადგენელი (რეჟისორი და პროდიუსერი). „ალტერნატიული ტალღა" დაფარავს მონაწილეების სასტუმროში განთავსების და კვების ხარჯებს.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 1 აგვისტო.

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ელექტრონულ მისმაართზე awbiaff@gmail.com, ან ტელეფონზე 597202550 (თინათინ ყაჯრიშვილი) და 595926206 (ლაშა ხალვაში).