„ძირს იარაღი!": როგორ ცხოვრობდა ბერტა ფონ ზუტნერი საქართველოში

თბილისში მსოფლიოში პირველ ნობელიანტ ქალს მშვიდობის დარგში, ბერტა ფონ ზუტნერს გაიხსენებენ.
Sputnik

თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. თბილისის ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში 28 ივნისს ცნობილი ავსტრიელი მწერლის, საერთაშორისო პაციფისტური მოძრაობის გამოჩენილი მოღვაწისა და მშვიდობის დარგში პირველი ნობელიანტი ქალის ბერტა ფონ ზუტნერისადმი მიძღვნილი გამოფენა იხსნება, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

გამოფენის „ბერტა ფონ ზუტნერი — ავსტრიელი ნობელიანტი ქალი მშვიდობის დარგში — ცხოვრება საქართველოში" ორგანიზატორები არიან საქართველოში ავსტრიის საელჩო და საქართველოს ეროვნული არქივი.

დავით მაღრაძე ნობელის პრემიაზეა წარდგენილი

ორგანიზატორების განცხადებით, ღონისძიების მიზანია ბერტა ფონ ზუტნერის ცხოვრებისეული პერიოდების გახსენება და საქართველოსა და ავსტრიის მეგობრული ურთიერთობების აღნიშვნა.

გამოფენა დღეს, 18:00 საათზე გაიხსნება და 8 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. დასწრება თავისუფალია.

ბერტა ფონ ზუტნერი პრაღაში, იმ დროს ავსტრო-უნგრეთში, ავსტრიელი გენერლის ოჯახში დაიბადა.

„ავსტრიელი მწერალი ქალი ეკატერინე ჭავჭავაძე–დადიანის ახლო მეგობარი იყო. იგი საქართველოს 1876 წელს არტურ ფონ ზუტნერთან საიდუმლო ქორწინების შემდეგ მეუღლესთან ერთად ესტუმრა. წყვილი საქართველოში — ზუგდიდში, ქუთაისსა და თბილისში 9 წლის განმავლობაში ცხოვრობდა. ისინი წერდნენ წიგნებს, ეწეოდნენ პედაგოგიურ საქმიანობას — ასწავლიდნენ უცხო ენებსა და მუსიკას", — აღნიშნულია ეროვნული არქივის განცხადებაში.

შემდეგ ბერტა პარიზში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც გაიცნო და დაუმეგობრდა არტურ ნობელს, ეზიარა პაციფიზმის იდეებს, გამოდიოდა ნაციონალიზმისა და მილიტარიზმის წინააღმდეგ.

ბერტა ფონ ზუტნერს განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა რომანმა „ძირს იარაღი", რომელიც 1889 წელს გამოიცა.

„მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი ნობელის პრემიის გადაცემის ცერემონიაზე დაუკრავს">>

ბერტა ფონ ზუტნერს ნობელის პრემია 1905 წლის 10 დეკემბერს მიენიჭა და 1906 წლის 18 აპრილს გადაეცა. ის პირველი ქალი გახდა, რომელსაც ნობელის პრემია გადაეცა მშვიდობის დარგში და ნობელის პრემიის ლაურეატი მეორე ქალია მარია კიურის შემდეგ.

ზუტნერი ვენაში 1914 წელს გარდაიცვალა.