თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. ქართული კომპანია Eastern Promotions გაძლიერებულ რეჟიმში ემზადება საქართველოში მსოფლიო მასშტაბის ვარსკვლავის, ბრიტანელი პოპ-მომღერლის ელტონ ჯონის დასახვედრად.
ელტონ ჯონი კონცერტებს 30 ივნისსა და 1 ივლისს Black Sea Arena-ს საკონცერტო დარბაზში გამართავს.
სანამ მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, ქართული მასმედია გამალებით ცდილობს ლეგენდარული მომღერლის რაიდერის საიდუმლოებები და „კაპრიზები" გაიგოს. პირველ რიგში, ელტონ ჯონმა მოითხოვა სპეციალური ტემპერატურა როგორც სასტუმროს ნომერში, ისე თავისი ყვავილებისა და მრავალი აქსესუარისთვის.
ელტონ ჯონის კონცერტისთვის „საქართველოს რკინიგზამ" დამატებითი რეისები დანიშნა>>>
რაც შეეხება გასტრონომიულ მოთხოვნებს — Cranberry-ს ფირმის წვენები, Skim-ის ფირმის რძე, Pinot Grigio-ს ფირმის ღვინო, ასევე San Pellegrino-ს ან Evian-ის პატარა წყლის ბოთლები.
გარდა ამისა, ვარსკვლავის აუცილებელი მოთხოვნების ნუსხაშია ცალკე ოთახი მისი ცნობილი უნიკალური სათვალეების კოლექციისთვის. მომღერალმა ერთხელ აღიარა, რომ ამ წლების განმავლობაში მან არანაკლებ 20 ათასი სათვალე შეიძინა, მათ შორისაა სათვალე „დვორნიკებით", როგორც ავტომობილის საქარე მინაზე.
ვარსკვლავთან ერთად საქართველოში 37 ადამიანი ჩამოდის, აქედან 27 მომსახურე პერსონალია. ბათუმში უკვე ჩაიტანეს ძვირფასი ტვირთი — მომღერლის ექსტრავაგანტული როიალი, მისი ბენდის მუსიკალური ინსტრუმენტები და სხვა ტექნიკური მოწყობილობა.
ელტონ ჯონმა კონცერტისთვის ასევე მოითხოვა პალმები, ფიკუსები, იშვიათი ჯიშის მცენარეები, ასევე მთელი ოთახის და კულისების ყვავილებით მორთვა.
გამომდინარე იქიდან, რომ მუსიკოსი ფეხბურთის დიდი მოყვარულია, ხოლო მისი კონცერტები მსოფლიო ჩემპიონატს ემთხვევა, მან ითხოვა, რომ მის ნომერსა და კულისებში იყოს ტელევიზორები სპორტული არხების განუსაზღვრელი რაოდენობით.
ჩემპიონატის ფარგლებში საფეხბურთო მატჩების ტრანსლირება Black Sea Arena-ზე დამონტაჟებულ დიდ ეკრანებზე 17:00 საათიდან კონცერტის დაწყებამდე მოხდება.
აღსანიშნავია, რომ ელტონ ჯონის კონცერტი ჯერ კიდევ 2017 წლის 16-17 სექტემბერს უნდა გამართულიყო, მაგრამ ღონისძიება მომღერლის მეგობრისა და კოლეგის დეივი ჯონსტონის შეუძლოდ ყოფნის გამო გადაიდო. ეს უკანასკნელი ბრიტანელი ვარსკვლავის მუსიკალური დირექტორი და ბენდის უცვლელი წევრია 1972 წლიდან.
შარშან შეძენილი ბილეთებით მაყურებელი Black Sea Arena-ზე შესვლას შეუფერხებლად შეძლებს. 16 სექტემბრის ბილეთებით შესვლა შესაძლებელია 30 ივნისის კონცერტზე, 17 სექტემბრის ბილეთებით – 1 ივლისის კონცერტზე.
საქართველოში ელტონ ჯონის კონცერტის ორგანიზატორია კომპანია Eastern Promotions და SOLO — „საქართველოს ბანკის" კლიენტთა პერსონალური მომსახურება.
ელტონ ჯონამდე მსმენელს ჯგუფი Kennedy Administration „გაახურებს">>>
საქართველოში ელტონ ჯონი 2017 წლის ტურნეს Wonderful Crazy Night-ის ფარგლებში წარდგება. ქართულ სცენაზე მუსიკოსი შეასრულებს ძველ ჰიტებს და ბოლო სტუდიური ალბომის Wonderful Crazy Night-ის კომპოზიციებს.
კონცერტზე დასასწრები ბილეთების შეძენა TKT.GE-სა და SOLO ლაუნჯშია შესაძლებელი და მისი ფასი 150-დან 700 ლარამდე მერყეობს.
ბრიტანეთის იმპერიის ორდენის კავალერმა, სერ ელტონ ჯონმა 50-წლიანი კარიერის განმავლობაში 250 მილიონი ფირფიტა გაყიდა, მისი 52 სინგლი ბრიტანულ ტოპ-40-ში შევიდა. ჟურნალ Rolling Stone-ის ვერსიით, უდიდესი შემსრულებლების სიაში მომღერალი 49-ე ადგილს იკავებს. 2017 წელს ელტონ ჯონმა 20-ზე მეტ ქვეყანაში გამართა კონცერტი.