საქართველოს რაგბის ნაკრების პოზიცია მსოფლიო რეიტინგში გაუარესდა

მსოფლიო რეიტინგში საქართველოს ნაკრებს ტონგას გუნდმა გაუსწრო, რომელსაც ქართველმა მორაგბეებმა ამ თვის დასაწყისში მოუგეს.
Sputnik

თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. საქართველოს რაგბის ეროვნულმა ნაკრებმა რაგბის საერთაშორისო საბჭოს (World Rugby) განახლებულ რეიტინგში მე-12-დან მე-13 ადგილზე გადაინაცვლა.

საქართველოს ნაკრების რეგრესი რამდენიმე დღის წინ იაპონიასთან ტესტ-მატჩში წაგებას (0:28) და მანამდე ფიჯის ნაკრებთან მარცხს (15:37) უკავშირდება. ამ მარცხის გამო მილტონ ჰეიგის გუნდმა 1,05 ქულა დაკარგა და წინ ტონგა გაუშვა. ამჟამად საქართველოს ნაკრებს 73,13 ქულა აქვს და კუნძულელებს 0,71 ქულით ჩამორჩება.

მორაგბეთა ახალგაზრდული ნაკრები ქართველ ქომაგებს ისევ აკვირვებს

თავად ტონგის ნაკრები ქართულმა ნაკრებმა ტესტ-მატჩში 9 ივნისს 16:15 დაამარცხა.

მსოფლიო რეიტინგის ლიდერია ახალი ზელანდიის ნაკრები — 93,99 ქულა. შემდეგ მოდიან ირლანდია — 90,12 და უელსი — 85,94.

საქართველოს ნაკრები სექტემბრიდან 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის აქტიურ მზადებას დაიწყებს. ჩემპიონატი 20 სექტემბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით იაპონიაში გაიმართება. ქართველი მორაგბეების მეტოქეები D ჯგუფში იქნებიან ავსტრალიის, უელსის, ფიჯისა და ურუგვაის ნაკრებები.