თელავში ჩვენ წელთაღრიცხვამდე II-I ათასწლეულის მეომრის სამარხი აღმოაჩინეს

არქეოლოგებმა თელავში აღმოჩენილი ადამიანის ჩონჩხის ნაწილები ქართული გენეტიკის კვლევის კომისიაში გადააგზავნეს.
Sputnik

თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. ქალაქ თელავში, ზუზუმბოს ტერიტორიაზე გვიანი ბრინჯაოს – ადრე რკინის ხანის ჩვენ წელთაღირცხვამდე II-I ათასწლეულით დათარიღებულ სამარხი აღმოაჩინეს, რომელშიც იყო ადამიანის ჩონჩხი, თიხის ჭურჭელი და რკინის დანა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

თელავში ადრინდელი რკინის ხანის არტეფაქტები აღმოაჩინეს

ილიას უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა თუშაბრამიშვილი ვარაუდობს, რომ სამარხი იმ დროის მეომარს ეკუთვნის.

„იმის თქმის საფუძველს, რომ, შესაძლოა, სამარხი წარჩინებულ მეომარს ეკუთვნოდეს, აღმოჩენილი არქეოლოგიური ნივთების დიდი რაოდენობა გვაძლევს. ადამიანის ძვლები მეცნიერებათა აკადემიასთან არსებულ ქართული გენეტიკის კვლევის კომისიასა და მედიცინის ისტორიის მუზეუმს გავუგზავნეთ. მათი დასკვნის შემდეგ ზუსტად გვეცოდინება დეტალები", — განაცხადა თუშაბრამიშვილმა.

ზუზუმბოს ტერიტორიაზე გასულ კვირაში არქეოლოგებმა ადრე რკინის ხანის ბრინჯაოს სამაჯური აღმოაჩინეს, ასევე კერამიკა და რკინის შუბის ნაწილი. ეს არტეფაქტები ჩვენ წელთაღრიცხვამდე XVI-XIV და X-VIII საუკუნეებით თარიღდება.