წეროვანთან ავარიის შედეგად ერთი მამაკაცი დაიღუპა, დაშავებულთა შორის ოთხ წლამდე ბავშვია

ავარიის შედეგად 19 ადამიანი დაშავდა, რომლებიც მცხეთის ორ კლინიკაში არიან მოთავსებული.
Sputnik

თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. წეროვანთან მომხდარი ავარიის დროს დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცი ქალაქ მცხეთის კლინიკაში გარდაიცვალა, განაცხადა ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის უფროსმა ავთანდილ თალაკვაძემ ტელეკომპანია Rustavi 2-ის ეთერში.

ავარია გომბორზე: ბოლო ცნობები დაშავებულების შესახებ

ავარია ორშაბათს, დილით მოხდა. ტრაილერის მძღოლს ჩაეძინა და სამარშრუტო მიკროავტობუსს დაეჯახა, რომელიც თბილისი–კასპის მიმართულებით მოძრაობდა. ავარიის შედეგად 19 ადამიანი დაშავდა. დაშავებულთა შორის არ არიან მძღოლები, ისინი ამ დროისთვის პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფებიან.

წეროვანთან 18 ადამიანი ავარიაში მოყვა>>>

„ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორივე კლინიკაში 19 ადამიანი შევიდა, ერთ-ერთ პაციენტს სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები ჰქონდა და გარდაიცვალა. ამ დროისთვის ერთ კლინიკაში 8 პაციენტი რჩება, მეორეში — 10. მათ შორის არის 4 წლამდე ბავშვი", — განაცხადა თალაკვაძემ.

მისი სიტყვებით, მძიმე მდგომარეობაშია ორი დაშავებული — ერთი მათგანი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, მეორეს კი ოპერაცია უტარდება.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით („ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია"), რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს ჯარიმას, 3 წლამდე ვადით თავისუფლების შეზღუდვას ან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

გამოძიების პროცესში საქმე შესაძლოა გადაკვალიფიცირდეს.