მცხეთაში ბებრისციხის აღდგენა დაიწყო

ბებრისციხე მცხეთას ჩრდილოეთი მხრიდან იცავდა
Sputnik

თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა მცხეთაში ბებრისციხის ჩრდილო-დასავლეთ კოშკის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყეს, ნათქვამია სააგენტოს Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

თუშეთში ათ დასახლებას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა>>

ბებრისციხე მდინარე არაგვის მარჯვენა სანაპიროზე შემაღლებულ კონცხზე მდებარეობს. ამ დროისათვის ტერიტორიაზე შემორჩენილია კოშკის ნაწილი, დასავლეთი კედელი და ცალკეული საბრძოლო ელემენტები.

ფიტარეთის მონასტრის მახლობლად უძველესი ნამონასტრალი აღმოაჩინეს

თავის დროზე ბებრისციხე (სხვანაირად მას ბელტისციხესაც უწოდებდნენ) მცხეთას ჩრდილოეთიდან იცავდა. იმ ადგილას, სადაც ციხეა განლაგებული, ხეობა ძალიან ვიწროა, ამიტომ თავდაცვის თვალსაზრისით ის ძალზე მნიშვნელოვან როლს ასრულებდა.

ქართულ წერილობით წყაროებში ბებრისციხეს პირველად ახსენებს მეფე ლაშა-გიორგის დროინდელი მემატიანე, რომლის თანახმად მეფე დემეტრე პირველი (1125-1156 წლები) ბელტისციხეში გარდაიცვალა, ხოლო დაკრძალეს ის გელათის ტაძარში. XVIII საუკუნის ისტორიკოსი ვახუშტი ბატონიშვილი ამტკიცებდა, რომ ბებრისციხის მშენებლობა ქართლის სამეფოს ფორმირების პერიოდს უნდა ემთხვეოდეს.

2006-2008 წლებში არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი უამრავი არტეფაქტი მოწმობს, რომ ბებრისციხე IV – XVIII საუკუნეებში ნამდვილად მოქმედ ციხე-სიმაგრეს წარმოადგენდა.

მცხეთა თბილისიდან 25 კილომეტრში მდებარეობს. IV საუკუნიდან ჩვენს წელთაღრიცხვამდე ახალშექმნილი ქართლის სამეფოს პოლიტიკური ცენტრი იყო. თბილისი საქართველოს დედაქალაქი VI საუკუნის დასაწყისში გახდა.