ქართული წარმოების სამხედრო ტექნიკა მსოფლიოს სხვა მწარმოებლებს კონკურენციას გაუწევს?

საქართელოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, საქართველოს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ექსპორტის პოტენციალი აქვს.
Sputnik

„მთავრობა განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს „ტოტალური თავდაცვის" კონცეფციის შემუშავება-დამტკიცებას, სამხედრო რეზერვის ჩამოყალიბებას, რომლის საპილოტე პროექტი წელს დაიწყება, აგრეთვე სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ექსპორტის პოტენციალის გაზრდას ამ კუთხით. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი პოტენციალი და ამ პოტენციალს აუცილებლად სჭირდება რეალიზაცია" — განაცხადა მამუკა ბახტაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

მამუკა ბახტაძის თქმით, თავდაცვის მიმართულება ბიუჯეტიდან ყოველწლიურად მიიღებს მშპ-ის 2%-ს, როგორც ამას ნატოს სტანდარტი ითვალისწინებს.

პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძის თქმით, საქართველოში თავდაცვაზე მშპ-ს 2%-ზე მეტი იხარჯება და ამ მხრივ ქვეყანა ჩრდილოეთ ატლანტიკური ალიანსის სტანდარტებს სრულიად აკმაყოფილებს.

რაც შეეხება სამხედრო სამრეწველო პოტენციალს, ნიკა ჩიტაძის თქმით, საქართველოს ჯავშანტექნიკის, არტილერიის, ავიაციის და საბრძოლო მასალების წარმოების კარგი გამოცდილება აქვს და შესაბამისი სპეციალისტებიც ჰყავს ამ მიმართულებით. აქ საკითხავია რამდენად პროდუქტიულად მოხდება არსებული ინტელექტუალური რესურსის გამოყენება.

საუბარია სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ "დელტაზე" რომელიც ექვსი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტს და თბილისის საავიაციო ქარხანას აერთიანებს "დელტა" ძირითადად ორიენტირებულია თავდაცვით მრეწველობაზე.

საქართველოს შეიარაღებული ძალები: იარაღი და სამხედრო ტექნიკა

რაც შეხება წარმოებული იარაღის ექსპორტს, ნიკა ჩიტაძის თქმით, ქვეყანას აქვს ამის გარკვეული გამოცდილებაც. მაგალითად, რამდენიმე წლის წინ საქართველოში წარმოებული ჯავშანმანქანები საუდის არაბეთში გაიყიდა.

„საუდის არაბეთი თავდაცვაზე გამოყოფილი თანხების მოცულობით ამერიკისა და ჩინეთის შემდეგ მსოფლიოში მესამე ადგილზეა და ის რომ საქართველოში წარმოებული სამხედრო ტექნიკით დაინტერესდა, ეს ჩვენს პოტენციალზე მიუთითებს"- აღნიშნა ნიკა ჩიტაძემ.

2014 წლის 17 აგვისტოს „დელტას" მიერ დამზადებული სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად გაიგზავნა. გამოცდებისას უდაბნოს რელიეფზე ტესტირებისას მანქანამ ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი აჩვენა.

ქართული იარაღის ექსპორტზე საუბარი ცოტა გადაჭარბებული ეჩვენება პოლიტოლოგ ვახტანგ მაისაიას.

"ლაზიკა" და "იროკეზი" - სამხედრო ტექნიკისა და აღჭურვილობის გამოფენა თბილისში

„ჩვენ არ ვაწარმოებთ ამ სამხედრო ტექნიკას დიდი მოცულობით და რასაც ვქმნით, ისიც უფრო ექსპერიმენტულია. თან არა მგონია ისეთი ხარისხის იყოს, რომ შეძლოს იარაღის ცნობილ მწარმოებლებთან კონკურირება"-განუცხადა ვახტანგ მაისაიამ „Sputnik —საქრთველოს"

თუმცა ამავე დროს, ვახტანგ მაისაიას მიაჩნია, რომ ამ მიმართულების განვითარება ექსპორტს თუ არა, ქვეყანას შიდა მოხმარებისთვის ნამდვილად წაადგება.

„დელტას" ისტორია სათავეს XX-საუკუნის 60-იანი წლებიდან იღებს, 90-იანი წლების დასაწყისიდან კი კვლევითი ცენტრი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაექვემდებარდა.

„დელტამ" საკუთარი წარმოების შეიარაღება და აღჭურვილობა პირველად 1999 წელს, რუმინეთში გამართულ თავდაცვითი მრეწველობის საერთაშორისო გამოფენა EXPOMIL-99-ზე წარმოადგინა. 2000-2002 წლებში „დელტას" მიერ რამდენიმე ეგზემპლიარის სახით დამზადდა სპეცდანიშნულების საბრძოლო მანქანები 2011 წელს კი პირველი ქართული ჯავშანმანქანები დიდგორი 1 და დიდგორი 2. 2012 წელს ვაზიანის პოლიგონზე პირველი ქართული ქვეითთა საბრძოლო მანქანა ლაზიკას პრეზენტაცია გაიმართა. ხოლო 2016 წელს „დელტამ" ქართული წარმოების უახლესი 120 მმ იანი თვითმავალი ნაღმმტყორცნი GMM-120 წარმოადგინა, რომელიც ბრძოლის წარმოების თანამედროვე ციფრული სისტემებითაა აღჭურვილი.

 

ნატა პატარაია