თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა სენაკში დანაშაულებრივი ჯგუფის სამი წევრი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დაკავებულნი არიან 44, 41 და 26 წლის მამაკაცები.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ შეიარაღებული ბრალდებულები მიმდინარე წლის 19 ივნისს სოფელ ნოქალაქევში თავს დაესხნენ ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლს და სამკაულები გაიტაცეს.
პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია სამი ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო ვაზნები და ყაჩაღობის შედეგად წაღებული ნივთების ნაწილი.
მათ ასევე ბრალად ედებათ მიმდინარე წლის 28 მაისს მარტვილში ორი მოქალაქის საცხოვრებელი სახლის დაყაჩაღება.
გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 179-ე და 236-ე მუხლების მეორე და მესამე ნაწილებით, რაც ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილი ყაჩაღობის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს, რომელიც 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.