იარაღის კონტრაბანდის მცდელობა: საზღვარზე რუსეთის მოქალაქე დააკავეს

ბრალდებული რუსეთის მიმართულებით ცდილობდა საქართველოს საზღვრის გადაკვეთას.
Sputnik

თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა რუსეთის 59 წლის მოქალაქე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვის და გასაღების მცდელობის ბრალდებით დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამართალდამცველებმა ბრალდებული საზღვარზე დააკავეს. იგი რუსეთის მიმართულებით ცდილობდა საქართველოს საზღვრის გადაკვეთას.

დაკავებულია 72 ნარკომოვაჭრე – შსს-მ ნახევარი წლის ანგარიში წარმოადგინა

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ დამნაშავემ ქარელში უკანონოდ შეიძინა 27 წლის მამაკაცის სახელზე რეგისტრირებული „გლოკ-17“-ის მოდელის პისტოლეტი, რომელიც რუსეთში რეალიზების მიზნით საკუთარი ავტომობილით გადაჰქონდა.

სამართალდამცველებმა ჩხრეკისას ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე და მეოთხე ნაწილებით, 18-236-ე და 19-214-ე მუხლების მეოთხე ნაწილებით („ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა- გადაზიდვა“, „ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო გასაღების მომზადების და საქართველოს საბაჟო საზღვარზე ცეცხლსასროლი იარაღის წესის დარღვევით გადატანის მცდელობა“), რაც ითვალისწინებს ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.