გაიცანით მათე „ჩემი ცოლი დაქალებიდან“ – სერიები, რამაც საქართველო აალაპარაკა

დაგვეთანხმებით, ბავშვებსა და მოზარდებში მწვავედ დგას ბულინგის პრობლემა. გასულ კვირაში სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ აქტუალური სწორედ ბულინგის თემა იყო, რასაც დიდი გამოხმაურება და აჟიოტაჟი მოჰყვა მაყურებლების მხრიდან.
Sputnik

მათეს პერსონაჟს, რომელიც სერიალის მთავარ გმირს ჯეკოს ჩაგრავს და ავიწროებს, 17 წლის გეგა ოდიშელიძე განასახიერებს. სერიალში გეგას დებიუტი შედგა. ახალბედა მსახიობმა მთელი საქართველო აალაპარაკა საკუთარი ნიჭით და მონაცემებით. გეგა „Sputnik–საქართველოს“ საკუთარი პერსონაჟის შესახებ ესაუბრა.

გეგა ოდიშელიძე

— 17 წლის ვარ. თბილისის 165-ე საჯარო  სკოლა დავამთავრე. უკვე ჩავაბარე გამოცდები და ახლა აბიტურიენტი ვარ. ცხოვრების ერთი ეტაპი უკვე გადავლახე და ახლა ახალი ეტაპისთვის ვემზადები.

– თქვენმა პერსონაჟმა სერიალიდან „ჩემი ცოლის დაქალები“ მთელი საქართველო აალაპარაკა. დავიწყოთ იქიდან, თუ როგორ მოხვდით ამ სერიალში?

— დაახლოებით ოთხი წლის წინ ვაკის პარკში ვიყავი მეგობრებთან ერთად და სურათები გადაგვიღეს. იმის მერე ერთხელ დამირეკეს და კასტინგზე დამიბარეს, მაგრამ არ ამიყვანეს. ამ ბოლოს კიდევ დამირეკეს, გავიარე ტესტი და დამამტკიცეს როლზე. მანამდე „არტ ჰოლში“ დავდიოდი და გარკვეული გამოცდილება მქონდა. სანამ კასტინგზე მივიდოდი, არ მჯეროდა, რომ ამიყვანდნენ, არც მიფიქრია ამაზე. ახლობლები დარწმუნებული იყვნენ და მეუბნებოდნენ, რომ ამიყვანდნენ. ძალიან გამიხარდა, როცა დამირეკეს და როლზე დამამტკიცეს. ეს როლი პირველი, ამავე დროს ძალიან საპასუხისმგებლო იყო ჩემთვის.

გეგა ოდიშელიძე

– როგორ წარიმართა პირველი გადაღება, არ გაგიჭირდათ?

— მართალია, უარყოფითი პერსონაჟია, მაგრამ ის მომენტი, რომ „მიტყდება“ და ამ როლს არ ვითამაშებ, არ მქონია. თავიდან ცოტა გამიჭირდა, ძალიან ვნერვიულობდი. ძალიან რთულია, როცა შენზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული, ამდენი ადამიანი გიყურებს და გელოდება. ვნერვიულობდი, მაგრამ გადავლახე. ესეც პირველ დღეს, თორემ შემდეგ გადაღებებზე მომეხსნა ეს ნერვიულობა. მაქსიმალურად ვცდილობდი როლი ზუსტად ისე მეთამაშა, როგორც იყო ჩაფიქრებული.

– არ გიფიქრიათ, როგორ მიგიღებდათ საზოგადოება, მაყურებელი?

— ჩემი პერსონაჟი უარყოფითად მიიღო მაყურებელმა და ასეც უნდა ყოფილიყო. ჩემი დავალებაც სწორედ ეს იყო. ხალხს უნდა დაენახა პრობლემა და შეზიზღებოდა მათე. რაც შეეხება თამაშს, ბევრი მწერს, რომ კარგად ვითამაშე და კარგად შევასრულე როლი.

გეგა ოდიშელიძე

– როგორ ფიქრობთ, არის რაიმე მსგავსება თქვენსა და მათეს შორის?

— ხასიათით საერთოდ არ ვგავარ, მაგრამ გარეგნობით კი, ერთნაირები ვართ.

– ინანა მათემ თავისი საქციელი?

— ბოლო ეპიზოდში მან ჯეკოს ბოდიში მოუხადა. ჩემი აზრით, რაღაც მომენტში მიხვდა, რომ ცუდად მოიქცა. გულის სიღრმეში ნანობს, მაგრამ თავისი სიამაყე ბოლომდე მაინც ვერ დაძლია. იმედია, მომავალში მაინც დაძლევს.

– რეალურ ცხოვრებაში თუ გქონიათ მსგავსი შემთხვევა, ან მომსწრე გამხდარხართ ბულინგის?

— ჩემ თავზე არასოდეს გამომიცდია, თუმცა არაერთხელ შევსწრებივარ ბულინგის ფაქტს და ბევრი გამიგია ამის შესახებ.

– ახლა ბულინგი ძალიან სერიოზული პრობლემაა. თქვენი აზრით, გზავნილი, რომელიც ამ სერიების საშუალებით გაუგზავნა რეჟისორმა საზოგადოებას,  გამოიღებს შედეგს?

— დიდი იმედი მაქვს, რომ გამოიღებს შედეგს. მთელმა გუნდმა, ვინც ამაზე ვმუშაობდით ორიენტირებული ვიყავით იმაზე, რომ ადამიანების გულამდე მიგვეტანა ეს ყველაფერი და მძაფრად წარმოგვეჩინა პრობლემა, ჩვენ ამისთვის ყველაფერი გავაკეთეთ.

გეგა ოდიშელიძე და ლუკა ჯოლოხავა

– როგორ ფიქრობთ, ამ ისტორიას ექნება გაგრძელება?

— მოგეხსენებათ, ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული, ამიტომ ვერ გაგცემთ ამ კითხვაზე პასუხს. რა თქმა უნდა, ძალიან მინდა, რომ გაგრძელდეს და ვაკეთო ის საქმე, რომელიც ძალიან შემიყვარდა ამ მოკლე ხანში.

– როგორც აღნიშნეთ, აბიტურიენტი ხართ. სად აპირებთ ჩაბარებას, რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?

— მინდა თეატრალურზე ჩავაბარო. იმედია შევძლებ და ჩემ ცხოვრებას ამ საქმეს მივუძღვნი.