ბორჯომი–ბაკურიანის ვიწროლიანდაგიან რკინიგზაზე მოძრაობა შეფერხებულია

ამ ეტაპზე შემთხვევის ადგილზე აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.
Sputnik

თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. ბორჯომი–ბაკურიანის ვიწროლიანდაგიან რკინიგზაზე გამთენიისას მეწყერი ჩამოწვა, ნათქვამია საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიწის მასები სოფელ დაბასთან მისასვლელ გზაზე, მერვე კილომეტრის მერვე პიკეტზე ჩამოიშალა. შეფერხების გამო ბორჯომიდან გასულმა „კუკუშკამ" მგზავრების ბაკურიანში ჩაყვანა ვერ შეძლო.

წინასწარი ინფორმაციით, მეწყრის გამომწვევი მიზეზი ადგილობრივი წყალგაყვანილობის მილი გახდა, რომელიც გასკდა და წყალმა ფერდობზე ნიადაგი ჩამოშალა.

„ამჟამად ლიანდაგი მეწყრული მასით არის დაფარული", – ნათქვამია რკინიგზის განცხადებაში.

ბორჯომი–ბაკურიანის რკინიგზამ განსაკუთრებული სტატუსი მიიღო

მომხდარის გამო არავინ დაშავებულა. ამ ეტაპზე შემთხვევის ადგილზე აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს, მოძრაობა კი რამდენიმე დღეში, სამუშაოების დასრულების შემდეგ განახლდება.

ბორჯომი–ბაკურიანის სარკინიგზო ხაზი საქართველოს რკინიგზის ერთადერთი ვიწროლიანდაგიანი მონაკვეთია, რომლის მშენებლობა 1897 წელს დაიწყო და 1902 წელს ბორჯომი-ხარაგაულის უბანზე გაიხსნა. ხაზის სიგრძე 37,2 კილომეტრია, თუმცა, რელიეფის სირთულის გათვალისწინებით, გზის გავლას 2,5 საათი სჭირდება.

ხაზზე დიდი ხნის განმავლობაში მოძრაობდა მცირე ორთქლმავალი, რის გამოც დღეს არსებულ ელექტროშემადგენლობასაც რუსული ორთქლმავლის მეტსახელი „კუკუშკა" შემორჩა.

2016 წელს მატარებლები სრულად განაახლეს, მაგრამ პირვანდელი იერი შეუნარჩუნეს.